ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესის მიმოხილვა:


უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო ინტერვიუთი საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეითედ პრესთან," რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში" პარასკევს, 29 თებერვალს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„საინფორმაციო სააგენტო 'ასოშიეთედ პრესთან' სატელეფონო ინტერვიუში სააკაშვილმა აღწერა საქართველოს ინიციატივას, რომელიც საქართველოსა და შუა აზიის ქვეყნების გავლით ავღანეთში შეიარაღების მიწოდებისთვის სატრანსპორტო კორიდორის შექმნას ითვალისწინებს. ამ მიზნით საქართველო დასავლეთის სამხედრო გემებს საკუთარ შავი ზღვის პორტებს სთავაზობს, ხოლო საჰაერო საშუალებებს საწვავით შევსებისთვის, კი ქართულ აეროპორტებს.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის სატრანსპორტო სამმართველოს წარმომადგენელმა საზღვაო ძალების კაპიტანმა კევინ ანდალმა აღნიშნა, რომ თავდაცვის დეპარტამენტისთვის ცნობილია საქართველოს მზადყოფნა, მაგრამ მას ხსენებული შემოთავაზება ჯერ-ჯერობით დეტალურად შესწავლილი არა აქვს. თეთრმა სახლმა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავა.

საქართველო დაინტერესებულია რეგიონში შეერთებული შტატების სამხედრო გავლენის გაზრდაში, მაგრამ სააკაშვილის თქვით, ეს რაიმე შემაკავებელი ფუნქციისაკენ გამიზნული როდია.

ამასთან დაკავშირებით სააკაშვილმა აღიშნა: 'ამ რეგიონში რუსეთის ავანტიურებისგან თავიდან აცილების ყველაზე საიმედო შემაკავებელი ფაქტორი პოლიტიკურია. მე არა მგონია, რომ ამერიკელებს ამ მიზნის მიღწევა სამხედრო რესურსების გამოყენებით შეეძლოთ, და მე არა მგონია, რომ ამ მარშრუტს შეუძლია სამხედრო შეკავების ფუნქციის შესრულება ირიბადაც კი.' -ციტატის დასასრული-

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სატრანსპორტო კორიდორის შექმნის იდეა, მან პირველად ვიცე პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოახსენა, როცა იგი გასული წლის ივლისში საქართველოს ეწვია. მისი თქმით ბაიდენმა ეს შემოთავაზება მოგვიანებით შეერთებული შტატების ცენტრალური სამხედრო სარდლობის უფროსთან გენერალ დეივიდ პეტრეუსთან განიხილა.

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია დათანხმდებიან თუ არა ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს მიერ შემოთავაზებულ სატრანსპორტო კორიდორში შედიან, მათი ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთის ტრანზიტს. საქართველოს მიერ შემოთავაზებული მარშრუტის მიხედვით, სამხედრო დანიშნულების ტვირთი ავღანეთში გემით, რკინიგზითა და სატვირთო მანქანებით რუმინეთიდან შავი ზღვის გასწრვრივ და შემდეგ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და უზბეკეთის გავლით გაიგზავნება.

სააკაშვილის თქმით, საქართველო ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა სახელმწიფოებთან კონსულტაციებს ატარებს. მას მიაჩნია, რომ სატრანსპორტო კორიდორის გახსნა შესაძლებელია. იგი აღნიშნავს, რომ ეს მარშრუტი უფრო პირდაპირი და იაფი იქნება ვიდრე ჩრდილოეთის მარშრუტი, რომელიც რუსეთზე გადის."

[MUSIC INTERVAL]

უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ მიხაულ ხოდორკოვსკის სტატიით „რუსეთის ადგილი და დრო," რომელიც გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის" 29 იანვარის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„ახალი ათწლეულის მიჯნაზე ჩვენ რუსეთის როლს მსოფლიოში ნათლად ვხედავთ. ჩემი ქვეყანა ორადორი პროდუქტის უზარმაზარი ექსპორტიორი გახდა. პირველია ნახშირწყალბადები ანუ ნავთობი ან ბუნებრივი აირი. ხოლო მეორეა კორუფცია. გასული წლების მანძილზე, რუსეთის მიერ ექსპორტირებული კორუფციის მსხვერპლნი ევროპისა და ამერიკის გარკვეული პოლიტიკური ლიდერები გახდნენ. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ზოგიერთი მათგანი მოუსყიდავი და სპეტაკი რეპუტაციით სარგებლობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ცდუნებამ წასძლია.

სამწუხაროდ კორუფციის აქტიური ექსპორტის გარდა, ქვეყნის შიგნით მექრთამეობამ ნამდვილად არნახულ დონეს მიაღწია. დღევანდელ რუსეთში კორუფციისგან მიღებული შემოსავლების მოცულობა ფედერალურ ბიუჯეტს უტოლდება და ბევრად აღემატება იმ დონეს, რომელიც ქვეყანაში 90-იანი წლების მანძილზე იყო დაფიქსირებული.

რა მიმართულებით განვითარდება რუსეთი მომდევნო ათწლეულის მანძილზე?

რასაკვირველია პოლიტიკურ ეკონომიკას, რომელიც ნედლეულისა და კორუფციის ექსპორტს ემყარება, გარკვეულ წილად დღეგრძელობა ელის მანამ ვიდრე ამ ორ პროდუქტზე მოთხოვნა სტაბილურია.

რადენად არაკომფორტული გახდება რუსეთის თანაარსებობა მის მეზობელ სახელმწიფოებთან - სწორედ ეს არის ის კითხვა, რომელიც დღის წესრიგში უნდა დავაყენოთ ჩვენ. ეს კითხვა 21 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად მესახება.

დღეს ჩვენ მოწმეები ვხდებით რუსეთის შიდა რეგრესის პირველი ნიშნებისა. ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილები შესაძლოა მოსკოვის გავლენის ზონიდან გავა და ავტონომიური რეგიონალური დაჯგუფებები გახდება. იმავდროულად არ არის გამორიცხული, რომ ისინი მეზობელი ქვეყნების, ჩინეთის გავლენის სფეროში შევლენ ანდა საერთაშორისო ტერორისტული ან ექსტრემისტული დაჯგუფებების სათარეშო გახდნენ.

რუსეთმა ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ან ჩვენ ზურგი უნდა შევაქციოთ იმ ჩიხს, რომლის მიმართულებითაც ჩვენ ვმოძრაობდით ამ ბოლო წლების მანძილზე, ან ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობს იმავე მიმართულებით და შედეგად რუსეთი იმ სახით, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, უბრალოდ აღარ იარსებებს."


XS
SM
MD
LG