ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„შეერთებული შტატები, რუსეთი და მომავალი მსოფლიო წესრიგი"


ორშაბათს, 25 იანვარს ვაშინგტონში კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის წარმომადგენლობაში გაიმართა კონფერენცია თემაზე „შეერთებული შტატები, რუსეთი და მომავალი მსოფლიო წესრიგი," რომელშიც წამყვანმა ამერიკელმა ექსპერტებმა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს. განხილვას უძღვებოდა გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის" პოლიტიკური მიმომხილველი თომას ფრიდმანი.

დისკუსია პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორის ჯონ აიკენბერისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ასოციირებული პროფესორის დენიელ დიუდნის სტატიის, „ცივი ომის წყობის დაშლა," განხილვით დაიწყო. თავის გამოსვლაში ჯონ აიკენბერიმ აღნიშნა, რომ ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის ის თუ რა ბედი ეწევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შექმნილ საერთაშორისო პოლიტიკურ წყობას. ამის შესახებ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი თეორია არსებობს. ზოგს მიაჩნია, რომ ეს წყობა თანდათან იმსხვრევა და მის ნაცვლად წარმოქმნილი დიდი სახელმწიფოების მეტოქეობა შესაძლოა XIX საუკუნის ან ახალი ცივი ომის მსგავსად განვითარდეს. აიკენბერიმ აღნიშნა, რომ ზოგ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ლიბერალური და დემოკრატიული იდეალების შეუქცევადი გლობალური გავრცელების იმედი, რომელიც ცივი ომის დასასრულს დაიბადა, გადამეტებული და დაუსაბუთებელი იყო. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის თუ რა მიმართულებით განვითარდება ისეთი არალიბერალური ქვეყნები როგორიც არის ჩინეთი და რუსეთი ვინაიდან არ არის გამორიცხული, რომ ისინი დასავლურ საერთაშორისო წყობას დაუპირისპირდნენ. გაურკვეველია აგრეთვე ის თუ მსოფლიო პოლიტიკური წყობის რომელ ალტენრატიულ ხედვას ანიჭებს უპირატესობას პეკინი და მოსკოვი.

აიკენბერის თქმით:

„ერთი თვალთახედვით, ჩვენ დაყოფილ მსოფლიო წესრიგს ვუბრუნდებით. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ შეერთებული შტატების გავლენის შესუსტებისა და უკან დახევის თვითმხილველები ვართ. ყოველივე ამის პარალელურად სახეზეა დემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოებს შორის მზარდი კონფლიქტები." დიუდნის და აიკენბერის მიაჩნიათ, რომ ავტორიტარული სახელმწიფოების მხრიდან მზარდი გამოწვევების მიუხედავად არსებული საერთაშორისო სისტემა კვლავინდებურად სამოცწლიან ლიბერალურ საფუძველს ეყრდნობა, რომელშიც გაერთიანებულია ისეთი ცნებები როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები, უშიშროების დარგში თანამშრომლობა, დემოკრატიული სოლიდარობა და დიდი სახელმწიფოების მიერ ძალის გამოყენებაზე თავშეკავება.

დანიელ დიუდნიმ კი რუსეთში დემოკრატიული განვითარების არ არსებობას მიაქცია ყურადღება. მისი აზრით რუსეთში დემოკრატიული პროცესების უკუსვლა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის გარკვეული ფაქტორებით იყო განპირობებული. მათ შორის იყო ცივი ომის დასასრულს შეერთებული შტატებიდან რუსეთში რეიგან-ტეტჩერის ნეოლიბერალური საბაზრო ეკონომიკის მოდელის ექსპორტი, რომელიც ქვეყნის შიგნით სოციალურ-ეკონომიკურ თანასწორობას უგულვებელყოფდა. ამასთან დაკავშირებით დიუდნი აღნიშავს:

„დემოკრატიული განვითარების მარცხი რუსეთში ეკონომიკური გარდაქმნით იყო განპირობებული. პრივატიზაციის შედეგად, როგორც ყველა ჩვენთაგანმა იცის, საბჭოთა კავშირის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ობიექტების მფლობელობა კერძო პირების ძალზედ ვიწრო ჯგუფს ერგო. ეს ყოველივე ეგრედწოდებული 'დემოკრატიული' პერიოდის განმავლობაში მოხდა, როცა მოსახლეობის უმეტესობა უკიდურეს სიდუხჭირეს განიცდიდა."

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და ამერიკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი სტივენ სესტანოვიჩი აიკენბერისა და დიუდისა არ ეთანხმება. მისი აზრით რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი მოსკოვის გავლენის სფეროს გაფართოებაშია დაინტერესებული, რაც ქვეყნის შიგნით მას პოლიტიკურ სარგებელს აძლევს. მისთვის მეზობელი ქვეყნების როგორც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოების აღიარება ბევრად უფრო საშიშია. რაც შეეხება ამჟამინდელ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას, სესტანოვიჩმა აღნიშნა:

„შეიარაღებათა კონტროლის თემაზე მოლაპარაკებების აღდგენა შესაძლებელია და მას პოზიტიური გარემოცვის შექმნაში თავისი წვლილი შეაქვს, მაგრამ მხოლოდ ამ ფაქტორის გამო შეუძლებელია იმ მნიშვნელოვანი ცვლილების ახსნა, რომელიც ცივი ომის მიწურულს მოხდა. ამისთვის საჭიროა იმ შეთანხმებების აღდგენა, რომელიც გავლენის სფეროებს გამორიცხავს და დემოკრატიულ მშვიდობას ამყარებს."

თავის გამოსვლაში კარნეგის საერთაშორისო ფონის მკვლევარმა რობერტ კაგანმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დღეს ლიბერალური ინტერნაციონალიზმის კრიზისს განიცდის. მისი აზრით რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის შემუშავებას ობამას ადმინისტრაცია იდეოლოგიური თვალსაზრისით ლიბერალურ ინტერნაციონალიზმს ეყდრნობა, მაგრამ ჩინეთსა და რუსეთთან შემრიგებლური პოზიციის ძებნაში ლიბერალური ინტერნაციონალიზმის ძირითადი პრინციპები ირღვევა. კაგანი დასძენს:

„მე მაღელვებს ის, რომ ამ ადმინისტრაციის ჩინეთსა და რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის სურვილი ძირს უთხრის ლიბერალური ინტერნაციონალიზმის პროექტს."


XS
SM
MD
LG