ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიჩარდ მორნინგსტარი ევრაზიის ენერგეტიკაზე სიტყვით გამოვიდა


ობამას ადმინისტრაციის ევრაზიის ენერგეტიკული პოლიტიკის პირველი საჯარო განცხადება ელჩმა რიჩარდ მორნინგსტარმა ამერიკული პროგრესის ცენტრში დღეს გააკეთა.

ბატონი მორნინგსტარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკა ჯერ კიდევ კრიზისულ პერიოდს გადის, მსოფლიო ეკონომიკური წინსვლა გარდაუვალია. ეკონომიკის ზრდა კი ენერგო რესურსების მოხმარებასთანაა დაკავშირებული.

ბატონმა მორნინგსტარმა განაცხადა, რომ ამერიკა ევრაზიაში ახალი ენერგო წყაროების განვითარებას უწყობს ხელს და ასევე, ცდილობს კასპიის ზღვის ქვეყნების ახალ ბაზრებზე გასვლასა და მათ ენერგეტიკული სტრატეგიის რეფორმების შემუშავებასა და განხორციელებაში დახმარებას.

ბატონი მორნინგსტარი დიდ იმედებს ამყარებს ნაბუქოს განხორციელებაზე, თუმცა ამასთან, არ გამორიცხავს ჩრდილოეთის ნაკადისა და სავარაუდოდ სამხრეთის ნაკადის განხორციელებას. მისივე თქმით, სამხრეთის ნაკადმა ჯერ კიდევ ვერ დაანახა ინვესტორებს ის, რომ კომერციული თვალსაზრისით პროექტი შეიძლება მომგებიანი იყოს.

საქართველოსთან დაკავშირებით, ბატონმა მორნინგსტარმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება ნაბუქო, ამერიკა კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაერთიანებას.

ბატონმა მორნინგსტარმა არც ის გამორიცხა, რომ თუ რუსეთი კონსტრუქციულად და რაციონალურად მიუდგა ნაბუქოს განხორციელებას, ადვილი შესაძლებელია ის, რომ რუსეთს ნაბუქოში მესამე ძალად შეძლოს მონაწილეობის მიღება და მილსადენში საკუთარი რესურსებიც დაამატოს.

ამერიკის ხმის ქართული რედაქციის შეკითხვაზე, თუ რა შეიცვალა ამერიკის პოლიტიკაში კავკასიის მიმართ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის განხორციელების შემდეგ, ბატონმა მორნინგსტარმა ბრძანა, რომ რეგიონში ამრიკის პოლიტიკა არ შეცვლილა. ერთადერთი რაც შეიცვალა, არის რეგიონალური პოლიტიკური გარემო. ის, რომ ამერიკა ნაბუქოს განხორციელებაში მხოლოდ დამხმარე ქვეყნის როლს თამაშობს - განსხვავებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტისგან, როცა სწორედ ამერიკა იყო წამყვანი ძალა პროექტის განხორციელებაში - არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ან ნებისმიერი ევრაზიის ქვეყნის მიმართ ვაშინგტონის ინტერესი შემცირდა.



XS
SM
MD
LG