ისრაელის მინისტრთა კაბინეტის განცხადებით ისრაელის მთავრობა არ აპირებს ღაზის სექტორში 2008-2009 წლებში სამხედრო ოპერაციების დამოუკიდებელი გამოძიების წარმართვას, რასაც გაეროს მიერ მომზადებული ანგარიში მოითხოვს.
ისრაელის ინფორმაციის მინისტრმა იული ედელშტეინმა დღეს გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს მოახსენა, რომ ისრაელის მთავრობა ქვეყნის სამხედრო ძალების მოქმედების გამოძიების მიზნით საგანგებო ექსპერტთა ჯგუფის შექმნას არ აპირებს.
გაეროს ანგარიში, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გასული წლის ნოემბერში მიიღო, მოუწოდებს ისრაელის მთავრობასა და ღაზის სექტორის მმართველ ჰამასს სამხედრო მოქმედებების დროს საკუთარი სამხედრო ძალების მოქმედებების გამოძიებისკენ.
გამოძიების მოთხოვნის უარყოფის გამო ისრაელის მთავრობას საერთაშორისო სამხედრო დანაშაულთა ჩადენის ბრალდება შეიძლება წაუყენონ.