ისლამაბადში ჩასული შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი პაკისტანის ლიდერებს ავღანეთის ომის ირგვლივ ეთათბირება. დღეს იგი პაკისტანის თავდაცვის მინისტრს აჰმედ მუხტარს შეხვდა. გეითსი ცდილობს ისლამაბადის დარწმუნებას იმაში, რომ ამერიკა ავღანეთის ომში სერიოზულადაა ჩართული და პაკისტანთან მოკავშირეობას აგრძელებს. ვაშინგტონს სურს, რომ პაკისტანმა ავღანეთთან მოსაზღვრე რეგიონებში გამაგრებული თალიბების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციების მასშტაბები უფრო გააფართოვოს. ისლამაბადში ჩასვლამდე გეითსმა განაცხადა, რომ პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში დაბუდებული ტერორისტული დაჯგუფებები შეთანხმებულად მოქმედებენ. მისი თქმით, პაკისტანი ვეღარ შესძლებს თავის მოკატუნებას და იმის მტკიცებას, რომ თითქოს ექსტრემისტების მოქმედება დიდ საშიშროებას არ უქმნის ქვეყანას. პაკისტანის არმიის პრეს-მდივანი გენერალი ატარ აბასი აცხადებს, რომ მიღწეული წარმატების გასამაგრებლად, გარკვეული დროა საჭირო.