ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიფინგი ვილსონის  ცენტრში


რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში მდებარე ვუდროუ ვილსონის სახელობის ცენტრში სტამბოლში მცხოვრები თურქეთის საკითხების სპეციალისტის გარეთ ჯენკინსის ბრიფინგი გაიმართა სახელწოდებით „პოლიტიკური ისლამი თურქეთში: მოძრაობა დასავლეთისკენ თუ აღმოსავლეთისკენ?"

თავისი გამოსვლის დასაწისში ბატონმა ჯენკინსმა აღნიშნა, რომ როცა ლაპარაკია თურქეთის თვითმყოფადობაზე გამიჯვნა პოლიტიკურ ისლამსა და შეურიგებელ საერო ქემალიზმს შორის პირობითია რადგან ქვეყანაში ჭეშმარიტი ლიბერალური და გამჭვირვალე მესამე მიდგომის გამონახვის აუცილებლობა შეინიშნება.

ჯენკინს მიაჩნია, რომ თურქეთში ისლამი ჩამოყალიბდა როგორც ყოვლისმომცველი რელიგია, რომელიც, როგორც ოსმალეთის იმპერიის დოკუმენტები ცხადყობს, როგორც ორთოდოქსულ ისლამს ისევე ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს შეიცავდა. ამდენად თავდაპირველად ოსმალეთის იმპერია ორთოდოქსული ისლამური სახელმწიფო როდი იყო. ამის ერთ-ერთი მანიშნებელი იყო ის, რომ ოსმალეთის იმპერიის ბევრი მაღალჩინოსანი არამუსლიმი იყო. ჯენკინსის თქმით ოსმალეთის იმპერიამ ჭეშმარიტად ისლამურ სახელმწიფოში გარდაქმნა მხოლოდ მეთექსვმეტე საუკუნის მანძილზე დაიწყო და განსაკუთრებით კი ჰეჯაზისა და არაბეთის ნახევარკუნძულის მიმდებარე მუსლიმებისთვის წმინდა ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით ჯენკინსი აღნიშანვს:

„შედეგად ისლამურ ბიუროკრატიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები წარმოიქმნა. ისლამის ბევრმა მკვლევარმა მაშინ ოსმალეთის იმპერიის ბიუროკრატიულ სისტემაში თანამდებობები დაიკავა."

მეცხრამეტე საუკუნეში თურქეთის დიდი ქალაქების მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ორთოდოქსული ისლამის მიმდევარი იყო, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა ანუ ოთხმოცდაათ პროცენტზე მეტი სოფლებში ცხოვრობდა, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავდა, რომ მათი უმრავლესობა წერა-კითხვის უცოდინარი იყო და შესაბამისად ისლამში გარკვეული არ იყო რადგან ისლამი, ისევე როგორც სხვა რელიგიები, უპირველეს ყოვლისა წერა-კითხვას ეყრდნობა.

ის რეფორმები, რომელიც ოსმალეთის იმპერიის გარდასაქმნელად მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე ჩატარდა ხშირად მცდარად არის განმარტებული როგორც საზოგადოებაში მომწიფებული ცვლილებები, მაშინ როცა სინამდვილეში მათ უკან ელიტის ის წევრები იდგნენ, ვისაც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების ყაიდაზე ოსმალეთის იმპერიის გადაყვანა სურდათ.

1923 წელს რესპუბლიკის დაარსებას წინ უძღვოდა ომი საბერძნეთთან, საფრანგეთსა და ბრიტანეთთან, რომელიც თურქეთის თანამედროვე ოფიციალური ისტორიული სახელმძღვანელოების მიხედვით თურქ ნაციონალისტებსა და უცხოელ ოკუპანტებს შორის დაპირისპირებას წარმოადგენდა. მაგრამ იმდროინდელ საარქივო მასალებში ნათლად ჩანს, რომ თურქი მეომრების უმეტესობა საკუთარ თავს მუსლიმად აღიქვამდა და არა თურქ ნაციონალისტად. ამდენად, ჯენკინს მიაჩნია, რომ არსებობს საკმარისი ისტორიული დასაბუთება იმისა, რომ ანატოლიაში დაბადებული ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა მუსლიმანური მოძრაობა იყო, რომელიც მუსტაფა ქემალ ათათურქმა შემდგომში საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენა.

ათათურქმა საერო ფასეულობები თურქულ საზოგადოებაში საგანმანათლებლო სისტემის მეოხებით გაავრცელა. ჯენკინსის თქმით:

„თურქეთის რესპუბლიკის დაარსებისთანავე მოსახლეობაში წერა-კითხვა საკმაოდ შეზღუდული იყო. მაშასადამე ქემალისტური ფასეულობების საზოგადოებაში შეღწევა არასოდეს იმდენად დასრულებული არ იყო როგორც ეს თანამედროვე ქემალისტებს წარმოუდგენიათ."

ჯენკინსის აზრით, თურქეთში პოლიტიკური ისლამის დაბრუნება სოფლებში დამკვიდრებული ფასეულობების გადანაცვლებას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში წარმოადგენს. ამდენად ქემალისტური საერო სახელმწიფეობრიობის მოდელი საკმაოდ კონსერვატიულად განწყობილ საზოგადოებაში ძალდატანებით დაარსდა, რომელშიც ელიტასა და მოსახლეობას შორის დიდი სხვაობა არსებობს. გასული საუკუნის სამოციან და სამოცდაათიან წლებში მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია დაიწყო სოფლებიდან ქალაქებში. რასაკვირველია სოფლის მოსახლეობის გადასვლას ქალაქებში ფასეულობების გადანაცვლებაც მოჰყვა. ოთხმოციანი წლების დასაწყისისთვის ხსენებულმა გადაადგილებამ ქალაქებში, სტამბოლის ჩათვლით, რელიგიურად კონსერვატიული ბურჟუაზია წარმოშვა.

ჯენკინსი ასე ახასიათებს თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიას, რომელიც ამჟამად ქვეყნის სათავეშია მოსული:

„ამ პარტიამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიყენა, რომელიც ოთხმოცდაათიანი წლების მანძილზე დაგროვდა, როცა ქვეყანას არაკომპეტენტური და კორუმპირებული მთავრობები მართავდა. პარტიის წევრებმა საკუთარი ორგანიზაცია ღვთისმოსავი ხალხის ორგანიზაციად შერაცხეს და, რაც მთავარია, მათ ამისთვის რადიკალური ისლამური პლატფორმის აფიშირება არ დასჭირვებიათ. შედეგად ეს პარტია 2002 წლის ნოემბერში ამომრჩეველთა ხმების 34 პროცენტით ხელისუფლებაში მოვიდა, რაც ქემალისტური ისტებლიშმენტისთვის შარიათის სამართალზე დაფუძნებული რეჟიმის მოსვლის მოსასწავებელი იყო."

XS
SM
MD
LG