ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაიტიში დაძაბულობა და არეულობა მატულობს



ჰაიტიში დაძაბულობა და არეულობა მატულობს. მიწისძვრისგან დაზარალებულებისთვის დახმარების მიწოდება გართულებულია იმის გამო, რომ გადარჩენილ მოსახლეობაში არეულობა სუფევს, რადგან ყველას სურს ჰუმანიტარული დახმარების მიღება.

ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობასა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ამ ძალზედ რთულ პირობებში დახმარების განაწილება უჭირთ.

შვიდბალიანი მიწისძვრიდან ხუთი დღის შემდეგ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები ჰაიტელებისთვის სასმელი წყლის, საკვებისა და მედიკამენტების დროულ მიწოდებას ცდილობენ.

მაგრამ ჰუმანიტარული ორგანიზაციების ცნობით, მათი მცდელობები ძალზედ შეფერხებულია დაბლოკილი გზებისა და შეზღუდული რესურსების გამო. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ მაშველები განიცდიან საწვავის ნაკლებობას.

შაბათს გადარჩენილი ჰაიტელების ერთმა ნაწილმა დაიწყო მიწისძვრით განადგურებული დედაქალაქის, პორტ-ო-პრენსის, დატოვება რადგან გავრცელებული ცნობების თანახმად ქალაქში ძალადობა და ძარცვა სუფევს.

დღეს გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი ჰაიტიში ჩადის დღემდე გაწეული სამაშველო და ჰუმანიტარული საქმიანობის შესაფასებლად. მისი თქმით, გაეროს პრიორიტეტებში შედის სამაშველო საქმიანობის კოორდინაცია, სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების განაწილება და ნანგრვებში მოყოლილი ხალხის გადარჩენა.

ბატონმა ბანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ჰაიტის სჭირდება „უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარება" რადგან ქვეყანამ არნახული ზარალი განიცადა.

ჰაიტიში ჩასვლისას სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ჰაიტის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა და რომ ამერიკა ყოველ ღონეს იხმარს რათა მიწისძვრისგან დაზარელბულ ჰაიტელებს ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს.



XS
SM
MD
LG