ამჟამად უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში თვრამეტი კანდიდატი მონაწილეობს. მაგრამ ანალიტიკოსების თქმით მხოლოდ ორ კანდიდატს - პრემიერ მინისტრს იულია ტიმოშენკოსა და უკრაინის პარლამენტში ძლევამოსილი რეგიონების პარტიის ლიდერს ვიქტორ იანუკოვიჩს - გამარჯვების შანსი აქვს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები ცხადყობს, რომ ბატონმა იანუკოვიჩმა შესაძლოა ამომრჩეველთა ხმების 30 პროცენტი მოიპოვოს, ხოლო ქალბატონმა ტიმოშენკომ კი მხოლოდ 20 პროცენტს. თუ არცერთი კანდიდატი არ მოიპოვებს ხმების 50 პროცენტს, მაშინ თებერვალში დაინიშნება არჩევნების მეორე რაუნდი, რომელშიც ორი ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.
ბატონ იანუკოვიჩსა და ქალბატონ ტიმოშენკოს მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, რომელიც სავარაუდოდ ამომრჩეველთა ხმების სამ პროცენტს მოიპოვებს.
დეივიდ მარპლსი კანადის ალბერტის უნივერსიტეტში უკრაინის საკითხების სპეციალისტია. მისი თქმით:
„ჩემთვის საინტერესოა ის, რომ იუშჩენკო ისე იქცევა თითქოს არჩევნებში იგი მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება და მეორე რაუნდში გავა. მე კიდევ ნამდვილად არა მგონია, რომ ეს ასე მოხდება. იგი უკრაინაში პოპულარობითა ან მხარდაჭერით ვერ ისარგებლებს და ამდენად მეორე რაუნდამდე უბრალოდ ვერ მიაღწევს."
ანალიტიკოსების აზრით მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა იმ პერიოდთან შედარებით, როცა 2004 წლის „ნარინჯის რევოლუციის" ფონზე ბატონი იუშჩენკო პრეზიდენტად აირჩიეს და მის მხარდასაჭერად ქუჩებში ათასობით მომხრე გამოვიდა.
მაგრამ მას შემდეგ, როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ლეგვოლდი აცხადებს, უკრაინის პოლიტიკა მუდმივ ჩიხშია მოქცეული. ამასთან დაკავშირებით ლეგვოლდი აღნიშნავს:
„ახლა ნათელია ის, რომ იმ ძლიერ და მნიშვნელოვან ძალებს, რომლებიც 2004 წელს 'ნარინჯის რევოლუციის' უკან იდგნენ, არ გააჩნდათ შიდა შეთანხმებულობა ანდა პარტნიორობისკენ მიდრეკილება. ამდენად როცა პირადი ამბიციები და იმ ფინანსურ-სამრეწველო კლანების ამბიციები, რომელიც ამა თუ იმ მხარეს ემხრობოდნენ, სხვადასხვა პირადი ინტერესების მისაღწევად ერთმანეთს გაემიჯნა, მაშინ ყველაფერი დაიშალა."
პრეზიდენტი იუშჩენკო და მისი ყოფილი მოკავშირე იულია ტიმოშენკო ერთმანეთთან მწვავე პოლიტიკურ ქიშპობაში ჩაერთნენ, რომელიც დღემდე გრძელდება. ანალიტიკოსების თქმით სწორედ ამ დაპირისპირებამ განაპირობა პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრის ოფისსა და დაყოფილ პარლამენტს შორის პოლიტიკური მდგომარეობის პარალიზება. მათი აზრით ახალი პრეზიდენტის არჩევა შექმნილ მდგომარეობას არსებითად ვერ შეცვლის.
ექსპერტების თქმით პრეზიდენტ იუშჩენკოს დაბალი პოპულარობის რეიტინგის მიზეზია ქვეყანაში დაგროვილი ეკონომიკური პრობლემები. გასულ წელს უკრაინის ეკონომიკა თოთხმეტი ან თხუთმეტი პროცენტით შემცირდა, რაც პოსტ-საბჭოურ სივრცეში მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე დიდ კლებას წარმოადგენს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორს მარშალ გოლდმანს მიაჩნია, რომ უკრაინის ეკონომიკაზე მნიშველოვანი გავლენა მოახდინა ფოლადის ექსპორტის შემცირებამ. მისი თქმით:
„შეუძლია თუ არა უკრაინას საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიკაცია ისე, რომ ქვეყანა აღარ იყოს დამოკიდებული მოძველებულ ტექნოლოგიებზე, განსაკუთრებით შავ ლითონზე? აუცილებელია ეკონომიკის საფუძვლიანი გარდაქმნა, ხოლო ეს კი საკმაოდ რთული პროცესია."
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კორუფციის აღმოფხვრა და უკრაინის ეკონომიკის გამოცოცხლება უკრაინის ახალი პრეზიდენტის მთავარი პრიორიტებები უნდა გახდეს. სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხებია ნატოში გაწევრიანება და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, რომელიც იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს საგრძნობლად გაუარესდა.