სამშაბათს, 12 იანვარს, კარნეგის სახელობის ფონდის ვაშინგტონის წარმომადგენლობაში გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ყოველწლიური ანგარიშის - „2010 წელს მსოფლიოში თავისუფლების მიმოხილვა: თავისუფლების ეროზია ძლიერდება“ - პრეზენტაცია. ხსენებული ანგარიშის მთავარ თემებს პრეზენტაციაზე იხილავდნენ „ფრიდომ ჰაუსის“ აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ჯენიფერ უინდზორი და კვლევითი განყოფილების უფროსი ბატონი არჩ პადინგტონი. დისკუსიას გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ჯექსონ დიელი უძღვებოდა, ხოლო ანგარიშის შეფასებით გამოვიდნენ იაკობ ბლაუსტეინის სახელობის ადამიანის უფლებების ინსტიტუტის დირექტორი ფელის გაერი და კარნეგის სახელობის ფონდის სამეცნიერო კვლევითი განყოფილების უფროსი თომას კაროთერსი.
ყოველწლიური ანგარიშის გამოცემასთან დაკავშირებით „ფრიდომ ჰაუსმა“ გაავრცელა პრეს რელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოში გასული ოთხი წლის მანძილზე პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების აშკარა ვარდნა შეინიშნება. ეს „ფრიდომ ჰაუსის“ მსოფლიოს თავისუფლების მიმოხილვის ორმოცწლიან ისტორიაში გლობალურ ასპარეზზე თავისუფლების შემცირების ყველაზე ხანგრძლივ პერიოდს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მანძილზე ადამიანის უფლებების დამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები უფრო ინტენსიური გახდა აფრიკის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ორმოც სახელმწიფოში. ავტორიტარული წყობის სახელმწიფოები - ირანი, რუსეთი, და ვენესუელა - კიდევ უფრო რეპრესიული გახდა. თავისუფლების კლება შეინიშნება ბაჰრეინში, იორდანიაში, კენიასა და ყირგიზეთში. როგორც ცნობილია, „ფრიდომ ჰაუსის“ მსოფლიოს თავისუფლების მიმოხილვაში გაანალიზებული 194 ქვეყანა დაყოფილია სამი კატეგორიის მიხედვით, თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არა თავისუფალი. მართალია ახლო აღმოსავლეთი მსოფლიოს ყველაზე რეპრესიულ რეგიონად რჩება, ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოები, ბალტიის პირეთის ქვეყნების გარდა, რეპრესიულ პოლიტიკურ კურსს აგრძელებენ. ყირგიზეთმა „ნაწილობრივ თავისუფალი“ კატეგორიიდან „არა თაფისუფალი“ სახელმწიფოების კატეგორიაში გადაინაცვლა. ხოლო პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების თვალასაზრისით ყველაზე უარესი მდგომარეობა დაფიქსირებულია ბირმაში, ეკავატორიალურ გვინეაში, ერითრიაში, ლიბიაში, ჩრდილოეთ კორეაში, სომალიაში, სუდანში, ტიბეტში, თუქმენეთსა და უზბეკეთში.
ჯექსონ დიელის კითხვაზე თუ რით არის განპირობებული ყოფილ საბჭოთა კავშირში და კერძოდ შუა აზიაში დემოკრატიული განვითარების სფეროში ნეგატიური პროცესები, თომას კაროთერსმა აღნიშნა:
„საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში ძალაუფლება თითქმის უმალვე ხელში ჩაიგდეს ადგილობრივი ელიტის წარმომადგენლებმა, რომლებიც თავის დროზე საბჭოთა სისტემის ფარგლებში ფუნქციონირებდნენ, მაგრამ მისი დაშლის შემდეგ ძალაუფლების კონსოლიდაციის შესაძლებლობა იგრძნეს. მას შემდეგ ჩვენ ფაქტობრივად ვხედავთ ამ ელიტის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის ხანგრძლივ პროცესს. ამას ემატება გარე ფაქტორების გავლენაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ათწლეულის მანძილზე რუსეთი შუა აზიის სახელმწიფოებთან აქტიურად თანამშრომლობდა და ამ ქვეყნების მთავრობებს ანტი-დემოკრატიულ მეთოდოლოგიას უზიარებდა. ჩინეთის მიდგომა არ იყო პროდემოკრატიული. ხოლო შეერთებულ შტატებს ამ ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობები აინტერესებდა ავღანეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო. ამდენად სამივე გარე ფაქტორის გათვალისწინებით, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ამ რეგიონში სახეზეა დემოკრატიული ფასეულობების ნამდვილი ვაკუუმი.“
ამასთან დაკავშირებით ქალბატონმა ფელის გაერმა აღნიშნა:
„ამდენად შუა აზიაში სახეზეა უარყოფითი ტენდენცია. ანუ პოლიტიკური თვალსაზრისით, სცენაზეა იგივე პოლიტიკოსები, იგივე პოლიცია, იგივე სახელმწიფოებრივი სტრუქტურები. პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უბრალოდ მორწმუნე ხალხი რეპრესირებულია. დაფიქსირებულია ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველების მკვლელობები. მაგალითად, უზბეკეთის ციხეებში გასულ წელს წამების შედეგად ოცი ადამიანი დაიღუპა. ჩემის აზრით ამ სავალალო პირობების შექმნას ხელს უწყობს საზოგადოებრივი დესტაბილიზაცია ისევე როგორც პოლიტიკური ნებისყოფის არ არსებობა.“
პრეზენტაციის ბოლოს ამერიკის ხმის ქართული რედაქცია „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევითი განყოფილების უფროსს არჩ პადინგტონს გაესაუბრა. კითხვაზე თუ როგორ დაახასიათებდა იგი კავკასიის რეგიონსა და საქართველოში შექმნილ მდგომარეობას, პადინგტონმა აღნიშნა:
„ჩვენ გვაღელვებს ის თუ რამდენად სამართლიანად მოეპრყობა პრეზიდენტი სააკაშვილი ოპოზიციას, კრიტიკულად განწყობილ პრესასა და სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ დადებითად ვაფასებთ კორუფციასთან მის ბრძოლის და ეფექტური მართვის ინიციატივებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო აღარ აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში როგორც ორი წლის წინ. რასაკვირველია ჩვენ აგრეთვე გვსურს, რომ რუსეთის გავლენა იქ უფრო დადებითი გახდეს ანდა საერთოდ შემცირდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის გავლენა მნიშვნელოვან ნეგატიურ ფაქტორს წარმოადგენს რადგან ის პრობლემებს ქმნის არა მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არამედ სომხეთში, სადაც, ჩემის აზრით, რუსეთი სომხეთის მთავრობის ყველაზე ცუდ ინსტინქტებს უჭერს მხარს. ხოლო რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქ რეგრესი უკვე რამოდენიმე წლის მანძილზე შეინიშნება და ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, რომ ქვეყანაში, როგორც ჩანს, ახლა ბლოგერების შევიწროება დაიწყეს.“