ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ანტიტერორისტული პოლიტიკის სამიზნეებს იემენიც დაემატა


დეტროიტის რეისის აფეთქების მცდელობის შემდეგ, შეერთებული შტატების ანტიტერორისტული პოლიტიკის სამიზნეებს იემენიც დაემატა. არშემდგარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა იემენში ბაზირებულმა „ალ-ყაიდას“ უჯრედმა აიღო. როგორც გაირკვა, ერთადერთ ეჭვმიტანილს უმარ ფარუკ აბდულმუთალაბს ტერორისტული წვრთნა იემენში გაუვლია. იემენის პრემიერ-მინისტრის მოადგილის რაშად ალ-ალიმის თქმით, აბდულმუთალაბის იემენში შეერთებულ შტატებში დაბადებულ რადიკალ მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან ქონდა კავშირი.


-„უკვე დადასტურებულია, რომ ნიგერიელი აბდულმუთალაბი „ალ-ყაიდასთან“ დაკავშირებულელემენტებს შაბვას პროვინციაში ხვდებოდა. კერძოდ, მას შეხვედრა ქონდა იემენელ რადიკალ სასულიერო პირთან ანვარ ალ-ავლაქთან“ ირწმუნება რაშად ალ ალიმი. შეერთებული შტატები იემენისთვის ანტიტერორისტული დახმარების გაზრდას აპირებს.ჯონ ბრენანი პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მრჩეველია ანტიტერორიზმის საკითხებში. „ჩვენ უკვე გავგზავნეთ აღჭურვილობა, დავიწყეთ მათი გაწვრთნა. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ეს არის ის, რაც ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული და ჩვენ უნდა გავანადგუროთ ალ-ყაიდა სადაც არ უნდა იყოს, პაკისტანში, ავღანეთსა თუ იემენში“ ამბობს ბრენანი.


„ჰერითიჯის ფონდის“ წარმომადგენელი ჯეიმს ფილიპსი ამბობს, რომ ალ-ყაიდას იემენში გაძლიერება ახალი ამბავი არ არის. „ეს ფაქტობრივად ძველი თეატრია, რომელცი უფრო და უფრო ძლიერდება, რადგან ალ-ყაიდას ქსელი საუდის არაბეთიდან იემენში გადმოჯგუფდა. ამის მიზეზი ასევე ისაა, რომ ალ-ყაიდას ხალხი პაკისტანში ძლიერი წნეხის ქვეშ მოექცა“ აცხადებს ფილიპსი. გარდა ამისა, მისი აზრით, იემენი გეოგრაფიულადაც მომგებიანია ალ-ყაიდასთვის, რადგან აქ არის ისეთი მთიანი ადგილები, რომელსაც ვერცერთი მთავრობა ვერასდროს აკონტროლებდა. ახალი ამერიკული ფონდის წარმომადგენელი პიტერ ბეინარტი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მისი თქმით, „ალ-ყაიდას“ ძალიან გაუჭირდება პაკისტანურ ტომებტან ურთიერთობის მსგავსი კავშირების დამყარება იემენში. „პაკისტანში ალ-ყაიდა ძალიან დიდი ხნის მანძილზე აგებდა ურთიერთობებს ადგილობრივ ტომებთან. ალ-ყაიდას ზოგიერთი ლიდერი ამ ტომებში ოჯახსაც კი ქმნიდა ხოლმე. ასე რომ იემენში ასეთი კავშირების დუბლირება ჯერ ვერ მოხდება.“ აცხადებს ბეინარტი.


ფილიპსი კი დარწმუნებულია, რომ „ალ-ყაიდა“ იემენის ტერიტორიიდან უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენს მეზობელი ქვეყნებისთვის. თუმცა, ბეინარტის თქმით, შესაძლოა იემენში „ალ-ყაიდას“ გაძლიერება ტერორისტთა ტაქტიკური მანევრი იყოს, რათა შეერთებული შტატები იძულებული გახდეს რესურსების პაკისტანიდან და ავღანეთიდან იემენში გადაისროლოს. თუმცა, ყველა ანალიტიკოსი იემენსა და შეერთებულ შტატებში დარწმუნებულნი არიან, რომ ვაშინგტონმა ამ ქვეყანას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან სიღარიბე, კორუფცია და კონფლიქტური კერა, იემენში „ალ-ყაიდას“ ქსელის განვითარებისთვის შესანიშნავ ნიადაგს წარმოადგენს.


XS
SM
MD
LG