ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესის მიმოხილვა


უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ მაიკლ სესირეს სტატიით სათაურით „ავღანეთში სამხედრო ძალების გაგზავნით საქართველო შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს უმიზნებს,“ რომელიც ინტერნეტ ჟურნალ „უორლდ პოლიტიკს რევიუში“ 5 იანვარს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„მთლიანობაში აღებული ეს უვერტიურები გამიზნულია იმისკენ, რომ საქართველომ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში შეუცვლელი როლი დაიკავოს. საქართველოს ძალზედ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, შეერთებული შტატები სულ უფრო დამოკიდებულია საქართველოზე შუა აზიაში სხვადასხვა ინიციატივების შენარჩუნებისა და გაღრმავების საკითხში. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ისევე როგორც დასავლეთის ბევრი კომპანია საქართველოს აღიქვამენ როგორც რეგიონში შეღწევის იდეალურ სასტარტო ქვეყანას რადგან საქართველო შუა აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებს შორის გეოგრაგიული და კულტურული ხიდის ფუნქციას ასრულებს. ხოლო ამ ახლად ნაპოვნი შეუცვლელობის გამო საქართველო ცდილობს უშიშროების გარანტიების მოპოვებას ძლიერი რუსეთის წინააღმდეგ.

ნაკელბად მოსალოდნელია, რომ საქართველო გაიმეორებს იმ შეცდომებს, რომელიც 2008 წლის ომით დასრულდა, მას იმის იმედი აქვს, რომ ვაშინგტონთან უფრო მყარი ურთიერთობების განვითარება, რისიც დასტურია გასული წლის დასაწყისში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება, საკმარისი იქნება რათა აგრესიულმა კრემლმა შეცვალოს კურსი. ხოლო აღელვებული ინვესტორები, რომლებსაც საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა და მეგობრული ბიზნეს გარემოს გამოყენება სურთ, მიიღებენ საჭირო გარანტიებს.

ევროპის თავშეკავებულობის ფონზე, საქართველოს სტრატეგია გამახვილებულია შეერთებული შტატების მთავრობის აზრის შეცვლაზე, მაგრამ იმავდროულად თბილისს კარგად ესმის ის, რომ ნატოში გაწევრიანება საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივის ფარგლებში მოიაზრება. ამდენად საქართველო რეგიონში შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტად იქცევა და ამ ფაქტორის გამოყენებით კი საქართველო ცდილობს შეერთებული შტატების დახმარების მოპოვებას რუსეთის შესაკავებლად.“

უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ ჟერარდ კოვანის სტატიით სათაურით „რუსეთის ახალი იარაღით მოავაჭრეები,“ რომელიც ჟურნალ „ფორეინ პოლისის“ 6 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა და რომელშიც განხილულია რუსეთის მიერ საფრანგეთისგან მისტრალის ტიპის სამხედრო ხომალდის შესყიდვის შესაძლებლობა. სტატიაში ვკითხულობთ:

„მოსკოვს უცხოური წარმოების სამხედრო დანიშნულების აღჭურვილობა ადრეც აქვს შეძენილი. მაგალითად, გასულ წელს მოსკოვმა ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა, რომელიც იგი შეისწავლის სამამულო წარმოების გასაუმჯობესებლად. მაგრამ ეს ყოველივე საკმაოდ მცირე მასშტაბის არის იმასთან შედარებით რასაც მას მისტრალის ტიპის გემის შესყიდვა უქადის. ამგვარ გარიგებას რუსეთსა და ნატოს წევრ სახელმწიფოს შორის უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგები მოჰყვება.

თუ გარიგება განხორციელდა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ რუსეთსა და დანარჩენ ევროპას შორის არსებული ურთიერთობა მზარდი ნორმალიზაციის ფაზაში შედის, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომები უკვე აღსდგა მას შემდეგ რაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ისინი დროებით გაუქმებული იყო. ყოფილი მტრები სამომავლო გამოწვევების ერთობლივ შეფასებას გეგმავენ და მათ სურთ თანამშრომლობა ისეთ საკითხებზე როგორიც არის ნარკოტიკებით ვაჭრობის აღკვეთა და სასწრაფო შემთხვევებში საპასუხო მოქმედებების დაგეგმარება. ავღანეთში მიმდინარე ომში რუსეთი მნიშვნველოვანი პარტნიორია რადგან მისი ტერიტორიის გავლით კონფლიქტის ზონაში სამხედრო ძალები და აღჭურვილობა იგზავნება. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთს ალიანსისთვის შვეულმფრენების გამოყოფა სთხოვა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია.

‘თუ ფრანგები ბოლოს და ბოლოს გაყიდიან ამ გემს, მაშინ იმ შემთხვევაში თუ ეს ხომალდი ბალტიის ზღვაში აღმოჩნდება, ჩვენ სათანადო თავდაცვითი ზომების მიღება მოგვიწევს,’ განაცხადა ესტონეთის სამხედრო ძალების მთავარსარდალმა გენერალმა ანტს ლაანეოტსმა ნოემბერში ესტონეთის ტელევიზიით გამოსვლის დროს.

მაგრამ ამგვარ წინააღმდეგობას ევროპული მთავრობების კორიდორებში ნაკლები გავლენა ექნება. საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა გასული წლის მანძილზე გაუჩინარდა მიუხედავად რასმუსენისა და ალიანსის სხვა ლიდერების განცხადებებისა. ესტონეთიც კი, რომელიც ნატოს წევრი სახელმწიფოა, გრძნობს, რომ მისი გავლენა მკვეთრად მცირდება რადგან დასავლეთი, და განსაკუთრებით ვაშინგტონი, რუსეთთან ურთიერთობის განმტკიცებას ცდილობს.

მოიტანს თუ არა ეს გარიგება პოლიტიკურ სარგებლობას - ეს უკვე ბევრად უფრო რთული კითხვაა. იქამდე სანამ არ არის გარკვეული ის, რომ გარიგება განხორციელდება, შეიძლება ნაადრევი იყოს მისი შეფასება დასავლეთ ევროპაში. საფრანგეთში ქართული სათვისტომოს ლიდერებმა უკვე დაიწყეს საპროტესტო პეტიციის გავრცელება გარიგების წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციის მიზნით. მაგრამ საბოლოოდ, ურთიერთობის განმტკიცების პერსპექტივა ნავთობითა და ბუნებრივი აირით მდიდარ რუსეთთან ალბათ გადაწონის ყოფილ საბჭოთა კავშირში გაურკვეველი ნატოს მოკავშირეების მღელვარებას.“


XS
SM
MD
LG