ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ ჩეჩენ ექსპერტთან მაირბეკ ვაჩაგაევთან


გასული წლის დეკემბერში ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვთან, რომელშიც მან საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ საკმაოდ მძაფრი განცხადებები გააკეთა. ამ და ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ კომენტარი სთხოვა ჯეიმსტაუნის ფონდის ანალიტიკოსს, ჩეჩენ ისტორიკოსს და სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის კანდიდატს, ბატონ მაირბეკ ვაჩაგაევს.

კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა იგი კადიროვის ხსენებულ განცხადებებს, მაირბეკ ვაჩაგაევმა აღნიშნა:

„მე მიმაჩნია, რომ ეს განცხადებები საკმაოდ ხმამაღალი, მაგრამ წარუმატებელი და უაღრესად შეუფერებელი აღმოჩნდა. იმავდროულად მე მათ დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ რუსეთში ეს არ არის პირველი ან მეორე კატეგორიის პოლიტიკური ფიგურა. მაშასადამე მას არ გააჩნია გავლენა რუსეთის პოლიტიკაზე უკრაინის ან საქართველოს მიმართ. აქვე ისიც უნდა ავღნიშნო, რომ კადიროვის ნაირი პოლიტიკური ფიგურები ყოველთვის ცდილობენ დაანახონ ყველას რომ ისინი პუტინთან დაახლოებულები არიან. ამდენად როცა ლაპარაკია კადიროვის ამა თუ იმ განცხადებაზე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ის რომ, როგორც ჩანს, მის ნათქვამს რაღაც საერთო აქვს პუტინთან. სხვაგვარად პუტინის თანხმობის, მასთან პოლიტიკური კონსულტაციების და მისი აზრის გათვალისწინების გარეშე მე ძალიან მეეჭვება, რომ იგი ამგვარ განცხადებებს გააკეთებდა.“

ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბატონმა ვაჩაგაევმა აღნიშნა:

„ოფიციალურად რასაკვირველია ეს რეგიონი „წარმატებულ“ მხარედ არის წარდგენილი, მაგრამ მაშინ ჩემთვის გაუგებარია, მაგალითად, ის, თუ რატომ იყენებს იქ რუსეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო ავიაციას. ჩემთვის აგრეთვე გაუგებარია ის, თუ რატომ ევალება შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ ადგილობრივ განყოფილებას მთელი რუსეთის მასშტაბით, მურმანსკითა და კალინინგრადით დაწყებული და ვლადივოსტოკითა და ხაბაროვსკით დამთავრებული, ყოვლეთვიურად 50 თანამშრომლის გაგზავნა ჩრდილოეთ კავკასიაში. თუ იქ ნამდვილად სიმშვიდე სუფევს, მაშინ რატომ იგზავნება დამატებითი ძალები? რატომ დაკომპლექტდა იქ 1999 წელს დამატებითი სამხედრო კონტინგენტები და დაარსდა დამატებითი სამხედრო ბაზა? საქართველოსთან ომის შემდეგაც კი იქ სამხედრო ძალების კონცენტრაცია გრძელდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ მდგომარეობა მოსკოვის კონტროლს აღარ ექვემდებება. ამით მე იმის თქმა მინდა, რომ მოსკოვს ახლა პრობლემები გაუჩნდა არა მხოლოდ ჩეჩნეთში, არამედ დაღესტანსა და ინგუშეთში. ხოლო 2009 წლის ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე ჩვენ დავინახეთ, რომ მდგომარეობა დაიძაბა ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ყაბარდო-ბალყარეთში, სადაც ჩრდილოეთ კავკასიის შეიარაღებულმა მეამბოხეებმა საბრძოლო მოქმედებები განაახლეს. ამდენად დერბენთიდან მაიკოპამდე იქმნება შეიარაღებულ მეამბოხეთა მოძრაობა, რომელიც სამართალდამცველების, სამხედროებისა და მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ სხვადასხვა აქციებს ახორციელებს.“

როგორც ცნობილია, 3 იანვარს საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინტერნეტზე რუსულენოვანი პირველი კავკასიური არხი აამოქმედა. აი როგორ გამოეხმაურა ამ ამბავს ბატონი ვაჩაგაევი:

„რა შემიძლია ვთქვა იმის გარდა, რომ მადლობა ღმერთს, რომ თბილისში გაიგეს, რომ ჩრილოკავკასიელი ხალხები იმსახურებენ ყურადღებას, რადგან დღეს კავკასიის რეგიონში ყოფნა და დიდი კავკასიონის მთაგრეხილის მიღმა დამალვა შეუძლებელია. ამის დასტური იყო 2008 წლის მოვლენები. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ თბილისი, რომელიც ძველად ტიფლისად იყო ცნობილი, ყველა კავკასიელი ხალხის ცენტრი იყო. შემდგომში საბჭოთა კავშირის არსბობის დროს ეს ცენტრი გადატანილ იქნა. ხოლო საბჭოთა ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა დაერწმუნებინა ჩრდილოკავკასიელები, რომ ისინი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. ამგვარად ქალაქ როსტოვში შეიქმნა ახალი ცენტრი, რომელსაც ჩრდილოკავკასიელი ხალხების არცერთი წარმომადგენელი არ აღიქვამდა კულტურულ ცენტრად. თუ თბილისი რეგიონის კულტურული ცენტრის რეპუტაციას დაიბრუნებს, მაშინ ეს ძალზედ მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება. ეს უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხალხების გამარჯვება იქნება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი იქნება, თუ ის ნაკლებად პოლიტიზირებული იქნება. თუ ეს არხი თავიდანვე პროპაგანდისტულ და ანტი-რუსულ კამპანიას გააღვივებს, რუსეთის გავლენის გამო ჩრდილოეთ კავკასიაში მას ნაკლები ნდობით აღიქვამენ. ამდენად თავდაპირველად აქცენტი ჩრდილოკავკასიელი ხალხების გაერთიანებაზე უნდ გაკეთდეს, რაც კულტურის, ხელოვნებისა და პოლიტიკის საკითხების განხილვას გულისხმობს.“

XS
SM
MD
LG