ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საინტერესო ამბები...


ახლა გთავაზობთ საინტერესო ამბების მოკლე მიმოხილვას, რომელსაც ვიწყებთ ბრიტანეთის საინფორმაციო სააგენტო ბი-ბი-სი-ს მიერ გავრცელებული ცნობით. როგორც ბი-ბი-სი იუწყება, ინდოეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბანგალორის ექსკლუზიური კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი უინსტონ ჩერჩილი კლუბის იმ 17 წევრთა სიაშია შეტანილი, ვისაც გადაუხდელი ანგარიშები დარჩათ. ბანგალორის კლუბის მდივნის, პოლკოვნიკ კრიშნან დაქშინა მურთის განცხადებით, კლუბის დავთარში 1899 წლის 1 ივნისს გაკეთებული ჩანაწერის მიხედვით ჩერჩილს 13 რუპიის ოდენობის თანხა არ გადაუხდია. უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთის იმპერიული სამხედრო ძალების ახალგაზრდა ოფიცერი ჩერჩილი ბანგალორში 1896 წელს ჩავიდა. სამი წლის შემდეგ ბანგალორიდან იგი ავღანელ მეამბოხე ტომებთან საომრად ახლანდელი პაკისტანის ჩრდილოდასავლეთ რეგიონში გაემგზავრა. ამჟამად გადაუხდელი ანგარიშების მფლობელების სახელები კლუბის მთავარ დარბაზშია გამოფენილი. ბანგალორის კლუბი ბრიტანელი ოფიცრების ჯგუფმა 1868 წელს დაარსა და ამჟამად ეს დაწესებულება ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ ორგანიზაციას წარმოადგენს. როგორც ამბობენ, ბანგალორში ყოფნისას ჩერჩილი ხშირად სტუმრობდა კლუბს, სადაც იგი ხშირად ვისკის მიირთმევდა.


როგორც როიტერის სააგენტო იუწყება, იაპონიის მოქალაქემ ცოლად შეირთო პოპულარული ვიდეო თამაშის „ლავ პლიუსის“ გმირი ნენე ანეგასაკი. იაპონელი მამაკაცი, რომელიც მის ინტერნეტის მეტსახელს - სალ9000-ს - იყენებს სახელის მაგივრად, აცხადებს, რომ იაპონელ ახალგაზრდებს შორის ვიდეო თამაშებთან დაკავშირებული ოტაკუს პოპ კულტურის ტრადიციების მიხედვით, მისი საქციელი სულაც არ არის გასაკვირი. სალ 9000-ს თქმით: „თუ უფრო მეტი ხალხი გამოხატავს გრძნობებს ამგვარად, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება უფრო საინტერესო გახდება.“

ახლად დაქორწინებულებმა თაფლობის თვე გუამში გაატარეს და ახლა ტოკიოს შემოგარენში სეირნობენ.

ბი-ბი-სი-ს საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რუსეთში მყოფმა ტაჯიკმა მიგრანტმა მუშამ ბაიმურატ ალაბერიევმა სენსაციურ პოპულარობას მიაღწია მას შემდეგ, რაც ინტერნეტზე გავრცელდა მის მიერ შესრულებული ინდური ფილმების სიმღერების ვიდეოჩანაწერები. ათასობით თანამემამულის მსგავსად რუსეთის სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებულ ალაბერიევს, რომელსაც ჯიმის მეტსახელით იცნობენ, თურმე არაჩვეულებრივი მუსიკალური ნიჭი გააჩნია. ჯიმის სიმღერის ნიჭი პირველად გასულ აპრილს სანქტ პეტერბურგელმა ჟურნალისტმა რომან გრუზოვმა აღმოაჩინა, როცა მან ჯიმის ინტერვიუ ჩამოართვა რასობრივ ნიადაგზე მასზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ. როგორც გრუზოვი აღნიშნავს, მას ძალიან მოეწონა ჯიმის სიმღერები და მოგვიანებით მან ჯიმი მუსიკალურ პროდიუსერს ილია ბორტნიუკს გააცნო. ჯიმიმ ბორტნიუკთან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მას შემდეგ მან უკვე არაერთხელ წარადგინა მსმენელებს ავღანური, შუა აზიური, რუსული და ინდური სიმღერებისგან შემდგარი რეპერტუარი. ჯიმი დარწმუნებულია, რომ იგი აღარასოდეს დაუბრუნდება სამშენებლო სამუშაოებს.

რადიოსადგურის ამერიკის ხმის ქართული რედაქციის სახელით სრულიად საქართველოს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს! დაე 2010 მშვიდობის, ჯანმრთელობის, ბედნიერების, წარმატების, ეკონომიკური განვითარებისა, პოლიტიკური სტაბილურობისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის წელი ყოფილიყოს საქართველოსთვის! მრავალს დაესწარით! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!


XS
SM
MD
LG