ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორიზმში ეჭვმიტანილს ბრალდება საავადმყოფოში წაუკითხეს


შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ნიგერიელ მამაკაცს ბრალდება წაუყენეს ქალაქ დეტროიტის თავზე თვითმფრინავის აფეთქების მცდელობისთვის. ბრალდებას იგი საავადმყოფოში გუშინ გაეცნო, სადაც სხეულის დამწვრობის გამო წევს. აბდულმუტალაბი ცნობილი ნიგერიელი ოჯახის წევრი გახლავთ.

23 წლის ეჭვმიტანილს ბრალდება შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ პოლ ბორმანმა მიჩიგანის სამედიცინო ცენტრის საავადმყოფოში წაუკითხა.
როცა ომარ ფაროკ აბდულმუტალაბს ჰკითხეს , გაიგო თუ არა წაყენებული ბრალდების შიინაარსი, მან ინგლისურ ენაზე უპასუხა, რომ ყველაფერი გასაგები იყო.

შეერთებული შტატების ხელისუფლება ნიგერიელ მოქალაქეს "ნორთ ვესტ" ავიახაზების რეისი 253-ის ბორტზე, რომელიც ამსტერდამიდან დეტროიტში მიფრინავდა, ასაფეთქებელი მოწყობილობის ატანაში სდებს ბრალს.

წინასწარი გამოძიების თანახმად, ფედერალური მთავრობის წარმომადგენლება განაცხადეს, რომ აბდულმუტალაბმა შპრიცი გამოიყენა უაღრესად ძლიერი ასაფეთქებელი მასალა პანტრიტის დეტონაციის მოსახდენად.

მგზავრების თქმით, დამნაშავე თვითმფრინავის დაფრენამდე 20 წუთით ადრე, საპირფარეშოში შევიდა. საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ მუცელი სტკიოდა და სხეულზე პლედი გადაიფარა. თვითმფრინავის დაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, მგზავრებმა ჯერ ტკაცუნის ხმა გაიგეს და შემდეგ ცეცხლმოკიდებუილ მგზავრი დაინახეს.

დანიელმა მგზავრმა ცეცხლმოკიდებული ნიგერიელი მოიგერია ისე, რომ განძრევა აღარ შეეძლო, დანარჩენმა მგზავრებმა კი ცეცხლი ჩააქრეს. კონგრესის სამშობლოს უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ბენი ტომსონის თქმით, თვითმფრინავი ბეწვზეა გადარჩენილი.

“ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ არაფერიმოხდა. ეს ძალიან სერიოზული სიტუაცია იყო,“ განაცხადა ბატონმა ტომსონმა. მისივე თქმით, კონგრესი ამ საქმის შესახებ განხილვებსა და გამოძიებას, რაც შეიძლება მალე დაიწყებს.

ბატონმა თავჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ:

„როგორც კი საახალწლო შესვენებიდან დავბრუნდებით, მაშინვე დავიწყებთ "ნორთ ვესტის" რეისის გარშემო არსებული გარემოებების გამოძიებას.“

ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიგერიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბატონმა ბაბაგანა ვაკილმა, მის მიერ გაკეთებული განცხადება , ამერიკის ხმის კორესპონდენტს ტელეფონით წაუკითხა:

„როგორც მოსალოდნელი იყო, საელჩო უკვე კავშირშია შეერთებული შტატების შესაბამის სამართალდამცავ უწყებებთან გამოძიების მსვლელობისას ნებისმიერი დახმარების აღმოსაჩენად და ამ სამწუხარო შემთხვევის გარემოებების ბოლომდე დასადგენად. საელჩოს წარმომადგენლები უკვე მიჩიგანში იმყოფებიან ფედერალური და ადგილობრივი ოფიციალური პირებისთვის დახმარების აღმოსაჩენად. “

ეჭვმიტანილის ნიგერიაში მცხოვრები ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი შოკში არიან მომხდარის გამო. აბდულმუტალაბის მამა ნიგერიის ერთ-ერთი კარგად ცნობილი ბანკირია. მეგობრებისა და ნათესავების განცხადებით, აბდულმუტალაბი ტოგოსა და ლონდონში სწავლობდა და ცოტა ხნის წინ რამდენიმეჯერ იმგზავრა იემენში.

თეთრი სახლის განცხადებით, ინციდენტი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა იყო. ხოლო თვითონ ეჭვმიტანილმა კი განაცხადა, რომ ალ ყაიდასთან ჰქონდა კავშირი. ბრალდება, რომელიც ეჭვმიტანილს გუშინ წაუყენეს, 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



XS
SM
MD
LG