უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეითედ პრესაში“ 22 დეკემბერს გამოცხადებული ცნობით სათაურით „კანონმდებელი ნატოს მოუწოდებს განიხილოს საქართველოს გადაიარაღების საკითხი,“ რომელშიც ვკითხულობთ:
„მოხსენებაში, რომლიც დღეს გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის მიერ უნდა გამოქვეყნდეს ნათქვამია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე საქართველოს სამხედრო დაუცველობას შესაძლოა მთელი კავკასიის რეგიონის დესტაბილიზაცია მოჰყვეს. მოხსენება ობამას ადმინისტრაციას მოუწოდებს მოახდინოს ნატოს შიგნით სტრატეგიის კოორდინირება რათა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების და ნატო-რუსეთის ურთიერთობის დაბალანსება მოხდეს.
სენატორ ლუგარის მოხსენებასთან ერთად გავრცელებულ წერილში კერძოდ ნათქვამია, რომ ‘ალიანსმა უნდა შეიგნოს, რომ მომდევნო წლების მანძილზე საქართველოს უშიშროების სფეროში დასჭირდება ამერიკისა და ევროპული ქვეყნების დახმარების კოორდინირება.’
ლუგარის მოხსენებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვითუნარიანობის განადგურების შემდეგ, ქვეყანა შესაძლო სამომავლო სამხედრო იერიშისგან დაუცველია და ამდენად მას არც საჰაერო სივრცის დარღვევების დაფიქსირება შეუძლია.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ამჟამინდელ დაუცველობას შესაძლოა მთელი ქვეყნის დესტაბილიზაცია და ნაციონალიზმის ახალი ტალღა მოჰყვეს.
ასევე ის, რომ ‘სტატუს კვოს გაგრძელება საქართველოს საკუთარი ტერიტორიის დაცვას გაურთულებს და შედეგად ქვეყანა დაუცველი იქნება ქვეყნის შიგნით შესაძლო არეულობისა და გარეთა ჩარევისაგან, რომელიც ხშირად ეროვნულ დაუცველობას მოსდევს.“
გაზეთ „უოლ სტრით ჯორნალის“ 22 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სიტიბანკზე ხაკერის მიერ განხორციელებული კიბერ თავდასხმას გამოძიება დაიწყო,“ რომელშიც ვკითხულობთ:
„გამოძიების ფედერალუმა ბიურომ კორპორაცია სიტიბანკის კომპიუტერული უშიშროების სისტემის გარღვევის გამოძიება დაიწყო. ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ხსენებული გარღვევის შედეგად ხაკერებმა, რომლებიც რუსულ კიბერ ბანდასთან არიან კავშირში, ათობით მილიონი დოლარი მოიპარეს.
კიბერ თავდასხმა განხორციელდა სიტიბანკზე, რომელიც კორპორაცია სიტიგრუპის ერთ-ერთი განშტოებაა და მასში ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე საბანკო ქსელი და სხვა აქტივებია გაერთიანებული.
კიბერ საფრთხე აღმოაჩინეს შეერთებული შტატების მთავრობის გამომძიებლებმა, რომლებმაც თავდაპირველად ინტერნეტში საეჭვო საქმიანობოა შენიშნეს, რომელიც გარკვეულ ელექტრონულ მისამართებთან იყო დაკავშირებული. ამ მისამართებს ეგრედწოდებული რუსული ბიზნეს ქსელი იყენებდა, რუსული კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ხაკერებს შორის ავრცელებს სხვადასხვა მავნე კომპიუტერულ პროგრამებსა და სხვა საშუალებებს შეერთებული შტატების სამთავრობო კომპიუტერული სისტემების წინააღმდეგ.
გამოძიების დეტალების მცოდნე წყაროების თანახმად, ამჯერად ხაკერებმა გამოიყენეს კომპიუტერული ვირუსებით დაავადებულ კომპიუტერთა პატარა არმია, რომელსაც ისინი ‘შავი ენერგიის’ სახელწოდებით ცნობილი კომპიუტერული პროგრამის მეოხებით მართავდნენ. ხაკერები ამ პროგრამას სხვადასხვა ვებ გვერდების დასაბლოკად იყენებენ. მაგალითად ცნობილია, რომ ეს ხერხი 2008 წელს საქართველო-რუსეთის ხანმოკლე ომის დროს გამოიყენეს, როცა ხაკერებმა საქართველოს მთავრობისა და ბანკების ვებ გვერდების დაბლოკვა შესძლეს. 2007 წელს კი იგივე მეთოდი გამოიყენეს ესტონეთის მთავრობისა და ბანკების ვებ გვერდებისა და რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ვებ გვერდის წინააღმდეგ.“