ეს ერთადერთი ჩვენება იყო და ის ქართული კინოთეატრების ეკრანებზე მხოლოდ მას შემდეგ გამოვა, რაც სხვადასხვა საერთაშორისო კინოფეტივალებს მოივლის. ლევან კოღუაშვილის ფილმის ოფიციალური სინოფსისი ასეთია: ფილმის მთავარი გმირი, 45 წლის თბილისელი ნარკომანი, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას: კორუმპირებული პოლიციელები მისგან მეგობრის შვილის - 16 წლის ბიჭის დაბეზღებას ითხოვენ. თუ დათანხმდება, წამლით და ფულით დაასაჩუქრებენ, ხოლო თუ უარს იტყვის, 10 წლით გაუშვებენ ციხეში და ამით მისი ცხოვრება პრაქტიკულად დასრულდება.
კედელთან მიყენებული ფილმის მთავარი გმირი პოლიციელების წინადადებაზე თანხმდება და მეგობრის შვილის გასაწირად მიდის, მაგრამ ბოლო წუთს მასში დიდი ხნის წინ დაკარგული ღირსების ნატამალი ღვიძებს. ლევან კოღუაშვილის ფილმში მთავარ როლს მხატვარი, დიზაინერი გუგა კოტეტიშვილი ასრულებს. ფილმთან დაკავშირებით, როგორც მოსალოდნელი იყო, მოსაზრებები სხვადასხვაგვარია, თუმცა გუგა კოტეტიშვილის მაღალპროფესიონალური კინოგმირის წარმატებულად შესრულებას ყველა ერთხმად აღიარებს. აი რას წერს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი: ”ქუჩის დღეები” მაინც ახერხებს ემოციურად აგიყოლიოს,რაც ალბათ მთავარი როლის, შუახნის ნარკომანი ჩეკის შემსრულებელი გუგა კოტეტიშვილის დამსახურებაცაა -არც ერთი ყალბი ინტონაცია, მოძრაობა, გამოხედვა...
აშკარაა, რომ ქართული კინო იბრუნებს კინემატოგრაფიულ გამოსახულებას, გადაღებულია პროფესიონალურად, აქვს დრამატურგიული განვითარებაც, იმის მიუხედავად მიიჩნევ თუ არა მთავარი გმირის თვითმკვლელობას დამაჯერებლად. და მაინც, ბევრი რამ ძალიან ნაცნობი და მრავალჯერ მოსმენილ- ნანახია, არა მარტო კინოში - ტელევიზიით, ყოფაში, თბილისელი ” კაი ტიპების” მონაყოლით...” – ციტატის დასასრული. ფილმი მართლაც ის გამონაკლისი შემთხვევაა, რომელიც კინემატოგრაფიული ნაწარმოებია და არა სატელევიზიო, როგორც ამას მიეჩვია ქართველი მაყურებელი უკანასკნელი 15 წლის მანძილზე. “ ქუჩის ცხოვრების” საერთაშორისო ფესტივალზე მოხვედრა კი რეჟისორის სერიოზული წარმატებაა.
როტერდამის ფესტივალი ბერლინის, კანის და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალების შემდეგია პრესტიჟულობის რიგში. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ფესტივალზე მონაწილეობა, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკვე დიდი წარმატებაა, ამით არ დასრულდება და ის საპატიო ჯილდოს მფლობელიც გახდება. რაც საბოლოოდ ქართული კინოს საერთაშორისო ბაზარზე დაბრუნების კიდევ ერთი შანსი იქნება.