ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი უკრაინის არჩევნების შესახებ საუბრობს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკრაინის მთავრობას მოუწოდებს ჩაატაროს გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები

ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის ითანამშრომლოს იანვარში დაგეგმილ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ მხარესთან. მან აგრეთვე გამოთქვა იმედი, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან ვითარებაში ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე. კლინტონის შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან პეტრო პოროშენკოსთან ძირითადად დაეთმო უშიშროების საკითხების განხილვას.

შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები იმედოვნებენ, რომ 17 იანვარს დანიშნული უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად შიდა დაპირისპირება უკრაინის პოლიტიკურ ლიდერებს შორის დამთავრდება. უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური ეკონომიკური რეცესიისგან დაზარალებულ უკრაინაში სამთავრობო გადაწყვეტილების მიღება თითქმის პარალიზებულია ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს შორის განუწყვეტელი კინკლაობის გამო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მიცემული პრეს კონფერენციაზე კლინტონმა გამოხატა იმედი, რომ საარჩევნო პროცესი, რომელსაც თებერვალში შეიძლება მოჰყვეს მეორე ტური, ქვეყანაში 2004 წელს დაწყებული რეფორმებით გამოწვეულ დემოკრატიულ ცვლილებებს კიდევ უფრო გააძლიერებს და გამოიტანს შედეგს, რომელსაც ანგარიშს გაუწევს თვით უკრაინა და მსოფიო თანამეგობრობა. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა:

„უკრაინის ხალხი გადაწყვეტს იმას, თუ ვინ იქნება მის მიერ არჩეული ლიდერი. მაგრამ ნარინჯის ფერის რევოლუციის დაპირება, რომელსაც გამოეხმაურა ბევრი ჩვენთაგან, არის ის, რომ უკრაინის ხალხს აქვს უფლება აირჩიოს ლიდერები ყოველგვარი ჩარევისა და დარღვევების გარეშე. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ რათა დავეხმაროთ უკრაინას და, რასაკვირველია, ჩვენ ვითანამშრომლებთ იმ ლიდერთან, რომელსაც უკრაინელები აირჩევენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში."

საპრეზიდენტო არჩევნებში პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა 2004 წელს მომხდარ ნარინჯის ფერის რევოლუციაში, ყოფილი პრემიერ მინისტრის ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ იბრძვის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოროშენკომ აღნიშნა:

„ჩვენ შეგვიძლია იმის დემონსტრირება, რომ უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ეს არის აზრის გამოხატულების თავისუფლება, მას მედიის თავისუფლება, და ის, რომ ყველა კანდიდატს ამ რესურსების გამოყენების თანაბარი უფლება აქვთ."

კლინტონმა აგრეთვე აღნიშნა, რომ იგი მიესალმება უკრაინის თავისუფალ პრესას და ქვეყანაში დამკვიდრებულ ჯანსაღ პოლიტიკურ კულტურას. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ.



XS
SM
MD
LG