ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა ნობელის პრემიის მისაღებად ემზადება


მართვის სადავეების ხელში აღებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ნობელის პრემიის მისაღებად ემზადება. ის მოკრძალებულია და ამბობს რომ დარწმუნებული არ არის, იმსახურებს თუ არა ასეთი მაღალი რანგის ჯილდოს.

ინფორმაციამ ნობელის პრემიის ლაურეატის შესახებ მსოფლიო გააკვირვა. გაოცებას, თავად პრეზიდენტი ბარაკ ობამაც კი ვერ მალავდა.

პრეზ. ობამა: "გულწრფელად რომ გითხრათ, არ მგონია ვიმსახურებდე ნობელის ლაურეატთა სიაში ყოფნის პატივს."

საზოგადოებრივი აზრის უახლესი გამოკითხვების თანახმად, მოქალაქეთა უმრავლესობა თვლის, რომ პრეზიდენტი პრემიას არ იმსახურებს.

პიტერ ბრაუნი კონექტიკუტის შტატში მდებარე ქვინიფიაქის უნივერსიტეტიდან ამ გამოკითხვებს ხელმძღვანელობდა. იგი ამბობს, რომ კვლევებისას, 2.300 ამერიკელი გამოკითხეს, აქედან პრეზიდენტისთვის ნობელის პრემიის გადაცემას პრეზიდენტის თანაპარტიელების 49 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

"რესპუბლიკელთა მხოლოდ 8 პროცენტი თვლის, რომ ობამა ნობელის პრემიას იმსახურებს, ეს დაბალი მაჩვენებლია. საინტერესოა რომ საზოგადოების ნეიტრალური ნაწილის 19 პროცენტიც ასე თვლის. დემოკრატების მაჩვენებლი ყველაზე მაღალია, მაგრამ მაინც არა უმრავლესობა."

საკუთარ აზრს ჩვეულებრივი ამერიკელებიც აფიქსირებენ.

ნიუ-იორკში მცხოვრები ისააკ ბონილა თვლის: "მგონია, ცოტა მოცდაც შეიძლებოდა."

ვაშინგტონელი დევიდ იმიგის აზრით: " ეს ამერიკელი ხალხისთვის იმის მანიშნებელია, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევით ჩვენ სწორი ნაბიჯი გადავდგით"

ჩიკაგოში კი თვლიან რომ მათ მოწონთ ბარაკ ობამა როგორც პრეზიდენტი, მაგრამ არ იციან გააკეთა თუ არა მან რაიმე რაც ნობელის პრემიას იმსახურებდა.

პრეზინდეტიც აღიარებს, რომ ზოგჯერ ნობელის პრემიას არა დამსახურების გამო, არამედ მომავალ საქმიანობაში ერთგვარი სტიმულისთვის გადასცემენ.

"მე ნობელის პრემიას მომავალი აქტიური ქმედებებისთვის ვიღებ, რათა სხვა სახელმწიფოსთან ერთად 21 საუკუნის საერთო გამოწვევებს ვებრძოლოთ".

თეთრ სახლში აცხადებენ ,რომ პრემიის გადაცემის ცერემონიალზე ობამას მიერ წარმოთქმული სიტყვა სწორედ ზემოხსენებულ თემებს მიეძღვნება. პრეს-სპიკერი რობერტ გიბსი ამბობს რომ პრეზიდენტი ნობელის პრემიის იმ ლაურეატზე ისაუბრებს, რომელიც იძულებულია ქვეყანას ომის დროს უხელმძღვანელოს.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღებით, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ისეთი ადამიანების გვერდით აღმოჩნდა, როგორებიც ნელსონ მანდელა, მარტინ ლუთერ კინგი და აუნგ სან სუჩი არიან. პრეზიდენტი პასუხისმგებლობას ნათლად აცნობიერებს და ჯილდოს უფრო მეტად მომავალი გადაწყვეტილებების სტიმულად აღიქვამს.


XS
SM
MD
LG