არის თუ არა დღეისთვის აქტუალური თემა სტალინი და რა კავშირშია იგი აგვისტოს ომთან? რამდენიმე ხნის წინ ეს საკითხი ფართოდ განიხილებოდა ქართულ საზოგადოებაში. განსაზღვრავს თუ არა საზოგადოების მენტალობას ძეგლი და მოახდენს თუ არა მასზე სასიკეთო გავლენას მისი გადაადგილება. ამბობდნენ იმასაც, რომ თემა უბრალოდ “შემოგდებულია სხვა, გაცილებით პრობლემატური საკითხების გადაფარვის მიზნით. სხვათა აზრით, ისტორიის დასამარება და მისი ჩამოჭრა, უბრალოდ შეუძლებელია.
ამ მოსაზრებების პარალელურად, იყო მკვეთრად გამოხატული აქტივობებიც, რაც გამოიხატებოდა აქციების მოწყობასა და სტალინის ძეგლის წითელი ფერის საღებავით გაწუწვაში. ახალგაზრდები, რომელებიც გორში, სტალინის ძეგლის წინ რამდენჯერმე გამოვიდნენ ტრანსფარანტებით ხელში და მისი გადატანა მოითხოვეს, ფიქრობენ, რომ ამით რუსული აგრესიის წინააღმდეგ იმაღლებენ ხმას.
ამ ჯგუფის წევრები ოთარ ხუციშვილი და ვახო გულიაშვილი გორელი სტუდენტები არიან. იმ ადამიანის ძეგლი, რომელმაც კარგი კი არა ძალიან ბევრი ცუდი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, არ უნდა იდგას ქალაქის ცენტრში. ეს უბრალოდ სამარცხვინოა, ჩვენს პრესტიჟს ლახავს. ჩვენ ომი წავაგეთ პუტინთან, რომელიც სტალინის იდეური შვილია, მისი საქმეების გამგრძელებელია. სტალინის ძეგლი გორში იგივეა, რაც ჰიტლერის ძეგლი იერუსალიმში. ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა სტალინის მიერ განხორციელებული რეპრესიების მსხვერპლი. სტალინის იყო ჰიტლერზე ბევრად უარესი. ის ადამიანები, რომლებიც სტალინის ეპოქაში დაიბადნენ და გაიზარდნენ, ვისაც უნერგავდნენ ბელადის სიყვარულს, უნდა გაეცნონ ევროპელი ავტორების მიერ დაწერილ წიგნებს სტალინზე. იქ წაიკითხავენ, რომ სტალინის КБГ- მ გაწვრთნა გერმანელების ეს-ესი და შესაბამისად, გესტაფო. ჰიტლერამდე სტალინს გაცილებით ადრე ჰქონდა საკონცენტრაციო ბანაკები საბჭოთა კავშირის ტერიორიაზე და გაცილებით უფრო სასტიკი მეთოდებით ხოცავდა ადამიანებს, ვიდრე ჰიტლერი. თქვენ თუ მოიძიებთ, ტელეკომპანია საქართველოს საიტზეც უნდა იდოს ზოგიერთი ფილმი ამის შესახებ, ამბობს ოთარ ხუციშვილი.
სტალინის ძეგლის გადატანას გორის ცენტრალური მოედნიდან სტალინის მუზეუმის ტერიტორიაზე მხარი დაუჭირა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამაც, ამ იდეის აქტიური მხარდამჭერია “თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი თეა თუთბერიძეც. სამწუხარო იყო, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებია ასე სასწრაფო წესით რეცხავდნენ და ხეხავდნენ საღებავის კვალს სტალინის ძეგლზე მაშინ, როცა უცნობმა პირებმა შეამკეს ასე ღამით. საინტერესოა, ვინ დაავალა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს? სტალინის ძეგლი არა მარტო საღებავის შესხმას, არამედ უფრო მეტსაც იმსახურებს. სირცხვილია, პირველ რიგში გორელებისთვის, რომ სტალინის ძეგლი დღეს გორში ცენტრალურ მოედანზე დგას, ამბობს თეა თუთბერიძე.
იქიდან გამომდინარე, რომ გორი სტალინის მშობლიური ქალაქია, მას აქ ტრადიციულად, ბევრი აპოლოგეტი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანია გორში აკრედიტებული კერძო უნივერსიტეტის რექტორი ვალერი სუხიშვილი. ეტყობა პრობლემები გამოელია მსოფლიოსაც და ჩვენც, რომ სტალინის ძეგლის გადატანაზე ვმსჯელობთ ახლა. ჯერ მარტო როგორ უნდა გაუბედო, ამ უზარმაზარ პიროვნებას, რომ მის ძეგლს ხელი ახლო! ამით ხალხს გულს ჩაუკლავენ, თორემ სტალინს რა უნდა უყონ?! სტალინმა თავისი საქმე გააკეთა, მეოცე საუკუნის ცივილიზაცია შექმნა, მაგრამ ეტყობა, კარგად ვერ შექმნა, რადგან ეს არამზადები ვერ ამოძირკვა. ახლა საუბრობენ, პუტინი სტალინის იდეური მემკვიდრეაო. არაფერი მემკვიდრე ის არ არის. პუტინი ისე ჰგავს სტალინს, როგორც კატა ლომს. სტალინი დღესაც უზარმაზარი რეიტინგით სარგებლობს და ჭია-ღუები მას ვერაფერს დააკლებენ, აცხადებს ვალერი სუხიშვილი.
ადამიანებმა, რომელთა ვინაობა ვერ დადგინდა, სტალინის ძეგლს, სავარაუდოდ ღამით შეასხურეს წითელი ფერის საღებავი. მეორე დღეს, გორის რაიონის გამგებლის, დავით ხმიადაშვილის განკარგულებით, სახანძრო სამსახურის თანამშრობლებმა ძეგლი გაწმინდეს. დავით ხმიადაშვილი ძეგლის გადატანის იდეას არ ეთანხმება. სტალინს თავის სამშობლოში რომ ძეგლი უდგია, ეს ყველასთვის აღიარებულია. ჩვენი პოზიცია ის არის, რომ ეს ისე კი არ უნდა გადავწყვიტოთ, მოსახლეობასაც უნდა ვკითხოთ და მოსახლეობას კიდევ სურვილი აქვს, რომ ძეგლი იდგეს. ჩვენი პოზიციაა, რომ ძეგლი სადაც დგას, იქ იყოს და არა ის, რომ გადავიტანოთ, აცხადებს გორის რაიონის გამგებელი დავით ხმიადაშვილი.
კრიტიკოსი ლაშა ბაქარაძე მიიჩნევს, რომ ძეგლი მხოლოდ სიმბოლოა და მისი გადატანით თუ გადაუტანლობით არაფერი შეიცვლება. იგი ამბობს, რომ დღეს-დღეობით აქცენტი არ კეთდება გაცილებით მნიშვნელოვანზე, საბჭოთა ეპოქის ძირეული შესწავლაზე. ჩვენ ასეთი დამოკიდებულებით გვინდა წავშალოთ საბჭოთა ეპოქის კვალი, სტალინისზმის კვალი, ისე, როგორც ძეგლის გადატანით, უბრალოდ თვალიდან მოვიცილებთ მას. სინამდვილეში, არაფერი არ გაკეთებულა იმისთვის, რომ გამოიცეს იმდროინდელი დოკუმენტები, შესწავლილ იქნას ის ეპოქა. ჩემთვის, ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ ძეგლების აქეთ-იქით თრევა, რაც საქართველოში რატომღაც ძალიან მიღებულია. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ პრობლემების ზედაპირულად გადაწყვეტას და არ ვფიქრობთ მათზე სიღრმისეულად. სტალინის ძეგლი იმ ადგილას, სადაც დგას, გარკვეულ კომპლექსშია მის გარშემო აშენებულ მთელ რიგ შენობებთან. ასეთი ფორმით, გაცილებით საინტერესოა, ვაჩვენოთ ბავშვებს, რა არის სტალინიზმი, როგორ ხდება დიქტატურის პროპაგანდა, ამბობს ლაშა ბაქრაძე.