ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტი ახალი სტრატეგიის მიხედვით მოქმედებას იწყებს


შეერთებული შტატების არმიის მეათე სამთო დივიზიის ჯარისკაცები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან ოთხმოცი კილომეტრით დაშორებულ ლოგარის ოლქის ბარაკი ბარაკის რაიონს პატრულირებენ. ლოგარი სოფლის მეურნეობის სფეროში ძალზე მნიშვნელოვანი პროვინციაა.

ამერიკის პრეზიდენტი უარს ამბობს აქ მოქმედი შენაერთის გაფართოებაზე. ლოგარში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მეთაური ვიცეპოლკოვნიკი თომას გაკეისენი ამერიკის ხმის კორესპონდენტს ეუბნება, რომ მიუხედავად ავაღანეთის პოლიციის დახმარებისა მას რაიონის უშიშროების უზრუნველსაყოფად საკმარისი ჯარისკაცი არ ჰყავს. ჯარისკაცებმა რაიონში აღდგენითი სამუშაოების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ:

„უშიშროების ზონის გარეთ ბევრი ხალხი რჩება. ერთ-ერთი სოფლის შამაზარის მაცხოვრებლებმა სკოლის აღდგენა მოგვთხოვეს. ჩვენ კი მოვახსენეთ, რომ ამ სოფელში 18 თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ვიპოვეთ და ვიცით, რომ ისინი უწყიან იმას თუ ვინ ამზადებს ამ ნაღმებს და არ გვეუბნებიან". ამბობს გაკეისენი.

ამერიკელები ავღანელებს საკუთარი სოფლების უშიშროების უზრუნბელყოფას ავალებენ და მხოლოდ ამ შემთხვევაში პირდებიან სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას:

„ჩვენ დასახლება იბედში სოფლის მეურნეობისა და ცხოველების მოვლის აღწერას ვაწარმოებთ. ეს სოფელი უშიშროების ზონის გარეთ მდებარეობს. ვიმედოვნებთ, რომ გლეხები რაიონულ ცენტრში გვესტუმრებიან და თუ ეს მოხდება ჩვენ მათ დავეხმარებით და ვეცდებით, რომ ეს სოფელი კოალიციის მომხრეთა ბანაკში გადავიბიროთ". გვეუბნება ლეიტენანტი შონ მაჰარდი.

ვიცე-პოლკოვნიკი გაკეისენი ამტკიცებს, რომ ასეთმა მიდგომამ მანამდეც გაამართლა. ოთხი წლის წინ ერაყში ამერიკელ საზღვაო ქვეითთა მცირერიცხოვანმა კონტინგენტმა ადგილობრივი მოსახლეობის გადაბირებით, უშიშროების უზრუნველყოფა ქვეყნის თითქმის მთელ დასავლეთ ნაწილში შესძლო. თუმცა ავღანეთი ერაყი არ არის და ისიც არ არის ნათელი გამოიღებს თუ არა შედეგს მსგავსი მიდგომა. თანაც ავღანეთში თალიბები საკმაოდ ძლიერნი არიან, ხოლო ლოგარის პროვინციაში კი ისევე, როგორც ავღანეთის სხვა ნაწილებში ამრიკელთა გეგმების განხორციელებას ხელს ძალადობა უშლის.


XS
SM
MD
LG