ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრუკინგსის ინსტიტუტი აღმოსავლეთ ევროპაზე კონფერენციას მართავს


ორშაბათს, 2 ნოემბერს, ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუტში გაიმართა კონფერენცია თემაზე „ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და თანამშრომლობა შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის.“ კონფერენცია ორგანიზებული იყო ბრუკინგსის ინსტიტუტთან არსებული შეერთებული შტატებისა და ევროპის ცენტრისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ინიციატივის მიერ. კონფერენციის ჩატარებას ფინანსური დახმარება გაუწიეს აგრეთვე პოლონეთისა და შვედეთის საელჩოებმა, შეერთებულ შტატებში ევროპის კომისიის წარმომადგენლობამ და გერმანიის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა. კონფერენციის მონწილეებს შორის იყვნენ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარგზავნილი პიტერ სემნები, საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში ბათუ ქუთელია, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო დესპანი ევრაზიის ენერგეტიკის საკითხებში რიჩარდ მორნინგსტარი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი.

აღმოსავლეთის პარტნიორობა წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც დაარსდა მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში პრაღაში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრაზე შვედეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის ძალისხმევით. ამ ინიციატივის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება ევროკავშირსა და პოსტ-საბჭოური სივრცის ექვს სახელმწიფოს შორის - სახელდობრ, ესენი არიან აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა და უკრაინა. ბრუკინგსის ინსტიტუში გამართულ კონფერენციაზე გამომსვლელთა შორის განსაკუთრებით საინტერესო პრეზენტაციები ჰქონდათ ბატონებს სიკორსკისა და ბილდტს.

თავის გამოსვლაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა ძალზედ მნიშვნელოვანია რადგან იგი ემსახურება ევროკავშირის ფასეულობებისა და საკანონმდებლო სტანდარტების გავრცელებას პოსტ-საბჭოურ სივრცეში, რასაც უთუოდ გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება. ამასთან დაკავშირებით მან აგრეთვე აღნიშნა:

„აღმოსავლეთის პარტნიორობა პარტნიორ ქვეყნებს სთავაზობს ამბიციურ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს თანმიმდევრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან. ის აგრეთვე წარმოადგენს მექანიზმს, რომლის მეოხებითაც მოხერხდება პარტნიორი ქვეყნების მოდერნიზაცია და გარდაქმნა. ჩვენ გვჯერა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის გაძლიერება არის ევროკავშირის აღმოსავლეთის პოლიტიკის ეფექტურობის ამაღლების საუკეთესო მეთოდი.“

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ვინაიდან ევროკავშირის გაფართოების ტემპი ამჟამად საგრძნობლად შენელებულია, იმ სახელმწიფოებთან, რომელთაც სურს გაწევრიანება, აუცილებელია ურთიერთობების ახალი ინსტრუმენტების შექმნა. ბილდტის თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღმოსავლეთის პარტნიორობა, რომელიც 1 იანვირდან უნდა ამოქმედდეს. აღმოსავლეთის პარტნიორობის განხორციელების ერთ-ერთი გადამწყვეტი მექანიზმი იქნება პარტნიორ ქვეყნებთან შეთანხმებების გაფორმებას რომელიც ითვალისწინებს ეგრედწოდებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნას. აი როგორ განმარტა ამ მექანიზმის მნიშვნელობა კარლ ბილდტმა:

„ეს ცნება თავისუფალ ვაჭრობაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რადგან ის თვალისწინებს ინტეგრაციას ჩვენსა და ამ ქვეყნებს შორის. ამას ისიც ემატება, რომ ამ ქვეყნებს ჩვენ ჩავრთავთ ევროკავშირის პოლიტიკაში ენერგეტიკის სფეროში.

კონფერენციის დასასრულს ამერიკის ხმის ქართული რედაქცია გაესაუბრა ევროკომისიის რწმუნებულს საგარეო ურთიერთობებისა და ევროპის სამეზობოლო პოლიტიკის საკითხებში, ქალბატონ ბენიტა ფერერო-ვალდნერს, რომლის პრეროგატივაში შედის ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების კურირება. უნდა აღინიშნოს, რომ ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებები წარმოადგენს ერთადერთ მოლაპარაკებების ფორმატს, რომელშიც საქართველოს მთავრობა განიხილავს სეპარატისტულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს რუსეთთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად ევროკავშირის ეგიდის ქვეშ. კითხვაზე თუ რა პროგრესი შეინიშნება ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებში, ქალბატონმა ფერერო-ვალდნერმა დასძინა:

„ჩვენ ვიცით, რომ იქ საკმაოდ ნელი პროგრესი შეინიშნება, მაგრამ გარკვეული მიღწევებიც სახეზეა. და ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს რადგან სწორედ იქ არის შესაძლებელი დიალოგის შენარჩუნება. ჩვენ ანუ ევროპის კომისია მუშაობს იმ საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხება. ძალიან მნიშვნელოვანი ამ სამუშაოს გაგრძელება რათა ამ ხალხს მიეცეს რეაბილიტაციის შესაძლებლობა, რათა მათ ცხოვრებას დაუბრუნდეს ღირსება და სიამაყე. და ჩვენ სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ.“

XS
SM
MD
LG