შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გუშინ ღამე ისრაელს ესტუმრა და პირდაპირ გაეშურა ქვეყნის ლიდერებთან შესახვედრად. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებების დაუყონებლივ განახლებისკენ მოუწოდა. ქალბატონმა კლინტონმა კი განაცხადა, რომ მხარეებმა მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ და რიგ საკითხებთან, მათ შორის უკანონო ებრაულ დასახლებებთან მიმართებაში კომპრომისი გამონახონ:
„ჩვენ ვიცით ის, რომ მოლაპარაკებების დროს ხშირად ისეთი სიძნელეები ისახება, რომელთა მოგვარება იმ დროს უნდა მოხერხდეს, როდესაც რეალური პროცესი დაიწყება. ჩემის აზრით, საუკეთესო ის იქნება, რომ პრემიერ-მინისტრის თქმისა არ იყოს მოლაპარაკებების პროცესი მალე განახლდეს“. განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ნათანიაჰუს თქმით, ისრაელი ყოველგვარი
წინაპირობის წაყენების გარეშე მზადაა მოლაპარაკებების განახლებისთვის:
„პალესტინელები კი ამისთვის მზად არ არიან. ისინი ისეთ წინაპირობებს აყენებენ, რომლებსაც ოსლოს აკორდის მიღების შემდეგ გასული თექვსმეტი წლის განმავლობაში არასდროს აყენებდნენ. ადრე ამგვარი წინაპირობები არ არსებობდა, ეს კი პალესტინელთა პოლიტიკის შეცვლას ააშკარავებს. მე ვიმედოვნებ, რომ ისინი ძველ მიდგომას დაუბრუნდებიან, რაც მოლაპარაკებების განახლებას შესაძლებელს გახდის“. სთქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ქალბატონი კლინტონი დაეთანხმა მას.
ნათანიაჰუს მთავრობა პირობას დებს, რომ უკანონო დასახლებების მშენებლობას ნაწილობრივ შეზღუდავს. თუმცა პალესტინელები აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არ არის. სახელმწიფო მდივანი შაბათს დილით აბუ დაბიში, პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტს მახმუდ აბასს შეხვდა:
„ის უმთავრესი საკითხი, რის ირგვლივაც მე და ქალბატონმა კლინტონმა ვისაუბრეთ ისაა, რომ პალესტინელებისთვის მოლაპარაკებების განახლების უმნიშვნელოვანეს წინაპირობას ებრაელთა დასახლებების მშენებლობის მთლიანად შეწყვეტა წარმოადგენს“. განაცხადა პალესტინელთა ლიდწერმა. პალესტინელები ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას იმ მოწოდებამ დააიმედა, რომლითაც მან ისრაელს დასახლებების მშენებლობის დაუყონებლივ შეწყვეტას მოსთხოვა.