ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალ მაკკრისტალის მიერ შემუშავებული სტრატეგია მოიწონეს



იმ დროს, როდესაც ავღანეთში დისლოცირებული ნატოს ჯარისკაცები თალიბებთან ბრძოლებში არიან ჩაბმულნი, ამერიკელი მთავარსარდლის წინადადებამ სამხედრო კონტინგენტის გაფართოების თაობაზე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა დიდი მოწონება დაიმსახურა. სლოვაკიის დედაქალაქ ბრატისლავაში ჩატარებულ შეხვედრაზე მინისტრებმა გენერალ სტენლი მაკკრისტალის გეგმას მხარდაჭერა გამოუხატეს.

„ჩვენ ისეთი ფართო მასშტაბიანი სტრატეგიის გამომუშავება გვესაჭიროება, რომელიც ავღანეთის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს". განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

გენერალმა მაკკრისტალმა საკმაოდ მძიმე შეფასება მისცა ავღანეთში არსებულ სიტუაციას. გენერალი თავადაც ესწრებოდა ბრატისლავის შეხვედრას. ავღანეთში დისლოცირებული დასავლური კოალიციის მთავარსარდალმა პრეზიდენტ ობამას ავღანეთში დამატებით რამდენიმე ათეული ათასი ჯარისკაცის გაგზავნა მოსთხოვა. რასმუსენის თქმით, თავდაცვის მინისტრები თანხმდებიან იმ საკითხში, რომ საბოლოოდ ავღანეთს თავად უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა;

„იმის ერთადერთ გარანტიას, რომ ავღანეთი აღარასდროს გადაიქცეს ტერორისტების თავშესაფრად, ქვეყანის ისე გაძლიერება წარმოადგენს, რომ მან თავად შესძლოს მეამბოხეებთან გამკლავება. როგორც გახსოვთ წარსულში თალიბებმა ალ-ყაიდა შეიფარეს და ქვეყნის სათავეში თალიბთა ექსტრემისტულად მომართული ნაწილის ხელახლა მოსვლის შემთხვევაში ეს შეიძლება კიდევ ერთხელ განმეორდეს". აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

რასმუსენის თქმით, მინისტრები თანხმდებიან იმ საკითხშიც, რომ ავღანეთში უშიშროების უზრუნველყოფა ნელ-ნელა ქვეყნის არმიას და პოლიციას უნდა გადაებაროს. მაგრამ ბინებრივია ეს უწყებები ამისთვის მზად უნდა იყვნენ.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა, რომელიც აგრეთვე იმყოფებოდა ბრატისლავაში, თავი აარიდა ჟურნალისტების იმ შეკითხვას, თუ რას აპირებს ავღანეთთან მიმართებაში ობამას ადმინისტრაცია:

„ავღანეთში ჩვენი სტრატეგიისა და მოქმედების მთელს სპექტრს განვიხილავთ. როგორც ვაშინგტონი აცხადებს და მეც საჯაროდ არაერთხელ მითქვამს, ჩვენ ავღანეთიდან გამოსვლას არ ვაპირებთ. ჩემის აზრით ავღანეთში დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის შემცირება არ მოხდება. კითხვას ჩვენი ამჟამინდელი სტრატეგიის სისწორე წარმოადგენს". განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა. ბატონი გეითსის თქმით, იგი დაიმედებულია ნატოს ალიანსის მიერ გამოხატული მხარდაჭერით.


XS
SM
MD
LG