ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფედერალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით დასაქმების სურათი შეერთებულ შტატებში „სავალალო“ მდგომარეობაშია


ცენტრალური ბანკის ყოფილმა თავჯდომარემ ალან გრინსპენმა გამოთქვა შეშფოთება შეერთებული შტატების უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდის გამო, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ მას სჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკამ მეორე მსოფლიო ომიდან ყველაზე ხანგრძლივი და ღრმა ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლა დაიწყო.

ამერიკის ყველაზე ცნობილი ეკონომისტი და შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის ყოფილი თავჯდომარე ალან გრინსპენი საკმაოდ გულახდილი იყო, როცა მან დაახასიათა დასაქმების დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც გასულ პარასკევს გამოქვეყნდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების უმუშევრობის მაჩვენებელი 9.8 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო სექტემბრის თვეში გაუქმდა 250,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. გრინსპენის თქმით:

„დასაქმების ანგარიში საკმაოდ სავალალოა და არა აქვს მნიშვნელობა თუ რა კუთხით შეხედავ მასში მოყვანილ მონაცემებს.“

გრინსპენმა იწანასწარმეტყველა, რომ მომდევნო თვეების მანძილზე უმუშევრობა გადააჭარბებს 10 პროცენტს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ სამუშაო ადგილების გაუქმების გარდა, გაიზარდა იმ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც უმუშევრად არიან ექვს თვეზე მეტი. მისი თქმით, ხანგრძლივი უმუშევრობა ოჯახების დიდ გაჭირვებას იწვევს, ხოლო უმუშევართა დიდი რიცვი მძიმე ტვირთად აწვება მთელს ეკონომიკას.

ამისდამიუხედავად გრინსპენს მიაჩნია, რომ ეკონომიკური რეცესია, რომელიც 2007 წელს დაიწყო, ალბათ დასასრულს უახლოვდება. ცენტრალური ბანკის ყოფილი თავჯდომარის აზრით, ოქტომბერ-დეკემბრის კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მიაღწევს ან გადააჭარბებს 3 პროცენტს.

ცენტრალური ბანკის ყოფილმა თავჯდომარემ აგრეთვე გამოთქვა შეშფოთება ამერიკის მზარდ ეროვნულ ვალთან დაკავშირებით. გრინსპენი დასძენს, რომ ეს ფაქტორი ზეგავლენას მოახდენს საპროცენტო განაკვეთებსა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალზე.

XS
SM
MD
LG