დღეს "ვოლ სთრით ჯორნალმა" გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის სპეციალური კომისიის ანგარიში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებებს იძიებს, ოთხშაბათს გამოქვეყნდება. დასკვნა საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს ერთდროულად გაეგზავნება.
ანგარიში სავარაუდოდ 900 ფურცლისგან შედგება.
ევროკავშირის კომისია, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი, ქალბატონი ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა დაახლოებით ცხრა თვე მუშაობდა. კომისიის ბიუჯეტიც დაახლოებით 2.3 მილიონი დოლარი იყო და ის 20 წევრისგან შედგებოდა.
მთავარი საკითხი, რომელზეც ანგარიშმა პასუხი უნდა გასცეს არის იმისი დადვენა, შვდი აგვისტოს ღამეს ომი სააკაშვილმა დაიწყო, თუ მან მართლაც რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო ოპერაციაზე გააკეთა რეაგირება. ამასთან ერთად, ანგარიში ისაუბრებს დამატებით სამ თემაზე: პირველი, დაარღვია თუ არა რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის წარმართვით. მეორე, რამდენად კანონიერი იყო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და მესამე, ჩადენილი იყო თუ არა გენოციდი ან სხვა სახის სამხედრო დანაშაული.
ევროკავშირის მისიასთან ახლოს მყოფი წყაროს თანახმად, საქართველოც და რუსეთიც აქტიურად თანამშრომლობდნენ კომისიასთან. მხარეები მუდმივ კავშირში იყვნენ კომისიის წევრებთან. საქართველოს მთავრობის თანახმად, საქართველომ კომისიას წინა პარასკევს დოკუმენტაციის ახალი წყება გაუგზავნა. დოკუმენტები ძირითადად ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცის სასამართლო პროცესის ჩანაწერებია. ჯარისკაცი ქურდობაში იყო ეჭვმიტანილი. ის სამხრეთ ოსეთში 4 აგვისტოს იყო გაგზავნილი, რაც საქართველოს მხარის არგუმენტს ამყარებს იმის შესახებ, რომ რუსეთს საომარ ოპერაციამდე სამი დღით ადრე უკვე დაწებული ჰქონდა სამზედრო ძალების მობილიზაცია.
რუსეთის მხარემ 17 სექტემბერს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ კომისიას მარატ კულახმეტოვთან შეხვედრის უფლება მისცა. კულახმეტოვი რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეთაური იყო სამხრეთ ოსეთში ომის დაწყებამდე. ომის შემდეგ ის მოულოდნელად გაქრა საზოგადოების ყურადღებიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ანგარიშის დასკვნებზე ჯერ არაფერი გავრცელებულა, არის ვერსია, რომ ანგარიში ომის დაწყებაში ორივე მხარეს ადანაშაულებს და ამბობს იმას, რასაც ევროპის დედაქალაქებში უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ომისთვის ორივე მხარე ემადებოდა, სააკაშვილმა ომის ინსტიგაცია გააკეთა, რასაც მოსკოვის არა-პროპორციული სამხედრო იერიში მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, თუ რა დასკვნას გააკეთებს კომისია, ექსპერტების აზრით ანგარიში საბაბს მისცემს ორივე მხარეს ამოირჩიონ დასკვნის კონკრეტული ნაწილები ერთმანეთის წინააღმდეგ და ამით არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო გაამძაფრონ.
ვოლ სტრიტ ჯორნალის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშში საქართველოს მოქმედებები უარყოფითად იქნება შეფასებული, დიდი რისკია იმისა, რომ სააკაშვილს გამოეცალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემოერთებისთვის საჭირო დასავლური მხარდაჭერა. ამასთან, ნეგატიურმა შეფასებამ შეიძლება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში შესვლის შესაძლებლობაც დიდი ხნით შეაფერხოს.
რუსეთი, სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ცდილობს დაიყოლიოს მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებიც მიყვნენ მის მაგალითს. ამჟამად რუსეთთან ერთად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მხოლოდ ვენესუელა და ნიკარაგუა აღიარებს.
21 სე1ტემბერს გამოქვეყნებული გერმაული გაზეთი შპიგელის თანახმად, ანგარიში საქართველოს დაადანაშაულებს ომის დაწყებაში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ომი საქართველომ დაიწყო და რუსეთს პასუხისმგებლობის ნაწილი მხოლოდ კონფლიქტის ესკალაციაზე ეკისრება.
ამერიკული გაზეთი ნიუ იორკ ტაიმსის 23 სექტემბრის გამოშვებაში ნათქვამია, რომ თუ ანგარიში რომელიმე მხარეს ცალმხრივად დაადანაშაულებს, მან შეიძლება პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვიოს. გაზეთის თქმით, ანგარიში ისეთ დროს გამოდის, რომ ყველა მხარეს უკვე ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი პოზიცია. ამასთან ერთად, არავინაა დაინტერესებული იმაში, რომ ომის თემაზე დებატები და დაძაბულობა ისევ განახლდეს. თუმცა გაზეთი აღიარებს იმას, რომ თბილისის მოქმედებების უარყოფითმა შეფასებამ შეიძლება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში შესვლის შესაძლებლობა კიდევ უფრო შეამციროს, და ამასთან სააკაშვილის რეპუტაცია თვით საქართველოშიც საგრძნობლად შეარყიოს.