ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალბატონი სანდრა რულოვსი ამერიკას ჰუმანიტარული ვიზიტით ეწვია


ქალბატონი სანდრა რულოვსი ამერიკას ჰუმანიტარული ვიზიტით ეწვია. ინტერვიუს დროს პრეზიდენტის მეუღლემ განაცხადა, რომ ვიზიტი ნიუ იორკში დაიწყო, რის შემდეგაც ქალბატონი სანდრა ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში ჩავიდა. ნიუ იორკში ყოფნისას ქალბატონი სანდრა UNICEF -ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ თემებს შორის საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებზე და UNICEF -ის მიერ მათთვის გაწეულ დახმარებაზე იყო საუბარი. ქალბატონი სანდრას თქმით, ის ნიუ იორკში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მუსიკალურ სასწავლებელს - ჯულიარდის სკოლას - ეწვია, სადაც ფორტეპიანოს კლასის ქართველ სტუდენტებს შეხვდა. ჯულიარდის სკოლასთან ერთად, პრეზიდენტის მეუღლემ ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი ბავშვების საკვირაო სკოლასაც ეწვია. საკვირაო სკოლას ქალბატონმა სანდრამ წიგნები გადასცა. ატლანტაში ჩასვლისას, საქართველოს პირველ ლედის ჯორჯიის შტატის გუბერნატორის მეუღლე, ქალბატონი მერი პერდიუ, გაუმასპინძლდა. მასთან შეხვედრაზე ქალბატონმა სანდრამ ბავშვთა სამედიცინო დაცვის მდგომარეობაზე ისაუბრა. ატლანტიდან პრეზიდენტის მეუღლე ნიუ იორკში დაბრუნდება, სადაც მეუღლესთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად საქველმოქმედო აქციას დაესწრება, რომლის შემოსავალიც ნიუ იორკში ქართული ეკლესიის მშენებლობას მოხმარდება.

XS
SM
MD
LG