ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირისპირება ენერგეტიკის სფეროში რუსეთსა და ევროკავშირს შორის


24 აგვისტოს ჟურნალ „ფორეინ პოლისიში“ გამოქვეყნდა ანალიტიკური სტატია სათაურით „დიდი მილსადენის ოპერა,“ რომლის ავტორი, ნიუ იორკის უნივერსიტეტთან არსებული სამართლისა და უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის საერთაშორისო პროგრამების განყოფილების დირექტორი დენიელ ფრაიფელდი აანლიზებს ნაბუქოსა და „სამხრეთის ნაკადის“ მილსადენების პროექტებს შორის არსებულ დაპირისპირებას ენერგეტიკის სფეროში რუსეთსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების კონტექსტში. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ ინტერვიუ სთხოვა ბატონ ფრაიფელდს.

კითხვაზე თუ რა მომავალი ელის ნაბუქოს მილსადენს, ბატონმა ფრაიფელდმა განაცხადა, რომ ხსენებული პროექტის წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ამჟამად მისი განხორციელება უფრო მეტადაა მოსალოდნელი ვიდრე ადრე. ეს კი, თავის მხრივ, განპირობებულია იმ მუხტით, რომელიც შეიქმნა ივლისში ანკარაში ნაბუქოს ხელშეკრულების დადებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის დამფუძნებელი მაღალი დონის შეხვედრის შემდეგ.

როგორც ცნობილია, სომხეთსა და თურქეთს შორის ახლო მომავალში მოსალოდნელია ურთიერთობების ნორმალიზაცია. კითხვაზე თუ რა გავლენას იქონიებს ეს გარემოება აზერბაიჯანის მონაწილეობაზე ნაბუქოს მილსადენის პროექტის განხორციელებაში, ფრაიფელდმა აღნიშნა:

„მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ბაქოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა. ეს დაგვანახებს შეუძლია თუ არა მას ქვეყნის ინტერესებისა და საგარეო პოლიტიკის დაბალანსება ერთის მხრივ სომხეთის მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ იმ პოზიციებთან დაკავშირებით, რომელსაც აზერბაიჯანი იკავებს ენერგეტიკის სფეროსა და რეგიონში სტრატეგიული ადგილის შენარჩუნების მიზნით. ამჟამად ძნელია იმის თქმა თუ როგორ მოხდება ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა და ნორმალიზაცია თურქეთსა და სომხეთს შორის და რა გავლენა ექნება ამას თურქეთ-აზერბაიჯანი ურთიერთობებზე. მაგრამ ჩვენ დიდი ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალ-ყური აზერბაიჯანის მოქმედებას და კერძოდ იმას, თუ როგორ შეუძლია მას მრავალ ვექტორზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის წარმართვა. აზერბაიჯანის განაწყენება რასაკვირველია მოსალოდნელი იქნება რადგან ბაქოს თვალთახედვით თურქეთმა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია ამ საკითხისადმი აზერბაიჯანის დამოკიდებულების გათვალისწინების გარეშე მოახერხა. მაგრამ თუ აზერბაიჯანის მთავრობას შესწევს სტრატეგიულად ფიქრის უნარი, მაშინ ბაქო შესძლებს ენერგეტიკული პოლიტიკის ფრთხილად წარმართვას სამხრეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობისგან განცალკევებულად.“

რაც შეეხება რუსეთის მთავრობის მცდელობებს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ბუნებრივი აირის განაწილების ინფრასტრუქტურის შეძენასთან დაკავშირებით, ბატონი ფრაიფელდი შიშობს, რომ თუ ევროპა ვერ გამოიცნობს მოსკოვის განზრახვას დროულად, მაშინ არაა გამორიცხული, რომ რუსეთი დაეუფლება სტრატეგიულად მნიშვლევან ობიექტებს და ევროკავშირის ცალკე წევრებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე არსებული მდგომარეობის შენარჩუნების გარანტიას შეიძენს.

და ბოლოს, კითხვაზე თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ევროკავშირმა საბოლოოდ შეარჩიოს ენერგომატერებლების დივერსიფიკაციის სათანადო სტრატეგია და რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს, ბატონმა ფრაიფელდმა დასძინა:

„ამ კითხვაზე პასუხი ორი ნაწილისგან შედგება. რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, ეს მოითხოვს მაღალი დონის ერთობლივ ჩარევას ევროპელი ლიდერების მიერ. ეს შეიძლება მოხდეს ბრუსელის მხრიდან ანდა გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და იტალიის ანუ ევროპის ძლიერი სახელმწიფოების მხრიდან. ხოლო რაც შეეხება ამ კითხვაზე არსობრივ პასუხს, ანალიტიკოსების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს ერთობლივი პოლიტიკა ენერგეტიკის სფეროში, რომელიც დაარეგულირებს ისეთ საკითხებს როგორიცაა ბუნებრივი აირის ფასის ფორმულირება და მილსადენების მფლობელობა. რაც შეეხება ამ ზამთარს, ძნელია რაიმე პროგნოზების გაკეთება, მაგრამ ცხადია, რომ ევროკავშირის პრეზიდენტმა ქვეყანამ - შვედეთმა - ეს საკითხი დღის წესრიგში უნდა დააყენოს და წევრ ქვეყნებთან ინტენსიური კონსულტაციები წარმართოს იმის თაობაზე თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ევროკავშირის შეთანხმებული და ინტეგრირებული პოლიტიკა ენერგეტიკის სფეროში.“


XS
SM
MD
LG