ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ერთერთ წამყვან პრიორიტეტს წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის სფეროში. მოლაპარაკებების განახლების მიზნით, ამერიკის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის სახელით, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი ჯორჯ მიჩელი ბოლო პერიოდი ძალიან აქტიურად მუშაობს ისრაელელ და პალესტინელ ლიდერებთან, ისევე როგორც რეგიონში ამერიკის მოკავშირე არაბულ სახელმწიფოებთან და ე.წ. კვარტეტის წევრებთან-რუსეთთან, ევროკავშირთან და გაეროსთან.
მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ყოველდღიურად კონფლიქტის ორივე მხარეს მდგომი რადიკალური მიმართულების მქონე პირები პროვოკაციებს აწყობენ.
მიუხედავად ამისა, ბოლოს ჩატარებული არაერთი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხალხის უმრავლესობა, ისრაელშიც და პალესტინაში-გამოსავლად ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს გვერდიგვერდ თანაცხოვრებას მიიჩნევს.
ივნისში, არასამთავრობო საერთაშორისო მოძრაობამ, სახელწოდებით -“ერთხმად”-, რომელიც ზომიერი გეზის მქონე ისრაელელებსა და პალესტინელებთან მუშაობს, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში დაკითხა ებრაელი ისევე როგორც პალესტინური წარმოშობის მოსახლეობა და მათ კონფლიქტიდან გამოსვლის შესახებ ჰკითხა. პალესტინელთა 71 და ისრაელელების 77 პროცენტმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები აუცილებლობას წარმოადგენს. იმავდროულად, პალესტინელთა 78 და ისრაელელების 74 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს მოლაპარაკებები მშვიდობის მიღწევას უნდა ემსახურებოდეს, რათა საბოლოო ჯამში ორმა სახელმწიფომ ერთმანეთის გვერდიგვერდ, მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში იცხოვროს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები ადასტურებს, რომ ისრაელელი და პალესტინელი ლიდერები ამომრჩევლის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობენ, რათა მათ განაახლონ მოლაპარაკებები და უზრუნველყონ შეთანხმება ორი სახელმწიფოს თანაცხოვრების შესახებ.
ამერიკის შეერთებული შტატები კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს გადადგან ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯები, რომლებიც შექმნის საფუძველს პროდუქტიული მოლაპარაკებების განახლებისა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის. შეთანხმებამ კი თავის მხრივ უნდა უზრუნველყოს პალესტინის სახელმწიფოს დაარსება, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ისრაელის გვერდით მშვიდობიანად გააგრძელებს ცხოვრებას.