ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მიდგომა უკრაინისა და პოლონეთის მიმართ: ინტერვიუ ექსპერტთან


ბოლო რამოდენიმე თვის მანძილზე მომხდარი მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთის მთავრობამ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომა,აირჩია უკრაინასა და პოლონეთის მიმართ. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა კიევს საკმაოდ მკაცრი მიმართვა გაუგზავნა, ხოლო პოლონეთს კი, მეორე მსოფლიო ომის დაწყების 70 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის პრემიერ მინისტრმა შემრიგებლური წერილით მიმართა. რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში ახლახან წარმოქმნილ დაძაბულობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩამოვართვით ჯეიმსტაუნის ფონდის ანალიტიკოსს ბატონ რომან კუპჩინსკის, რომელიც აგრეთვე რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის ყოფილი უფროსია.

კითხვაზე თუ რით არის განპირობებული კრემლის ესოდენ განსხვავებული მიდგომა უკრაინასა და პოლონეთის მიმართ, ბატონმა კუპჩინსკიმ აღნიშნა, რომ მოსკოვის მთავარი მიზანია გამოიწვიოს გაყოფა კიევსა და ვარშავას შორის. პოლონეთი წლების მანძილზე უკრაინის ერთგული მოკავშირე ქვეყანა იყო და არის და ვარშავა გამუდმებით უჭერს მხარს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში. კუპჩინსკის თქმით, პოლონეთს, სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ძალიან კარგად ესმის საბჭოთა კავშირის როლი უკრაინის ისტორიაში. კუპჩინსკი აღნიშნავს:

“მე ვფიქრობ, რომ ბატონ პუტინს სურს უკრაინა-პოლონეთის კეთილმეზობლური კავშირის გაწყვეტა და ამიტომაც იგი ცდილობს ერთმანეთს დაუპირსპიროს კიევი და ვარშავა და პირიქით.”

უკრაინის რეაქცია მედვედევის დემარშზე, კუპჩინსკის თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, ნეგატიური აღმოჩნდა. იმავდროულად უკრაინის მთავრობამ მედვედევის გზავნილი სერიოზულად არ აღიქვა.

კუპჩინსკის აზრით, ეს დოკუმენტი უფრო წააგავს რუსული შოვინიზმით აღსავსე კრემლის უთავბოლო მონოლოგს. მოსკოვი სასაცილო ბრალდებებს უყენებს კიევს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა უკრაინამ მძიმე დანაშაული ჩაიდინა, როცა სამხედრო აღჭურვილობას და იარაღს აწვდიდა საქართველოს. ამასთან დაკავშირებით კუპჩინსკიმ განაცხადა:

“საქართველო არასოდეს არ იმყოფებოდა იმ ქვეყნების რიცხვში რომლებზედაც დაწესებულია ემბარგო იარაღის მიწოდებაზე გაეროს მიერ. უკრაინას, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანას, აქვს უფლება საქართველოს მიჰყიდოს იარაღი. რუსეთს არ შეუძლია აუკრძალოს სხვა ქვეყნებს სამართლიანი ქმედებები. გარდა ამისა, რუსეთი იარაღს აწვდის ბევრ სხვა ქვეყანას და ვერ იტანს როცა მას აკრიტიკებენ ამასთან დაკავშირებით.”

მედვედევის მიმართვა ნაწილობრივ მაინც იყო გათვლილი უკრაინის მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად. კუპჩინსკი თვლის, რომ მოსკოვისთვის ხსენებული არჩევნების ყველაზე მისაღები შედეგი იქნებოდა რეგიონების პარტიის ლიდერის, ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2004 წლის არჩევნების დროს ვლადიმირ პუტინი სწორედ მას უჭერდა მხარს. მაგრამ, კუპჩინსკი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაიმარჯვა იანუკოვიჩმა, სულაც არაა მოსალოდნელი, რომ იგი საკუთარ თავს წარადგენს როგორც რუსეთის სამხრეთით მდებარე პროვინციის გუბერნატორად ვინაიდან მას სურს დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტობა. კუპჩინსკის მიაჩნია, რომ კრემლი დიდ შეცდომას უშვებს, როცა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ კანდიდატს ანიჭებს უპირატესობას. კუპჩინსკის უჭირს იმის თქმა თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში რადგან სამწუხაროდ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნებებს და არა პოლიტიკურ პლატფორმებს. კუპჩინსკის აზრით, ვინც არ უნდა მოვიდეს სათავეში უკრაინაში იანვარში, კიევსა და თბილისს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა ამით არ შეიცვლება.

და ბოლოს, რაც შეეხება მდგომარეობას ყირიმის ნახევარკუნძულზე და, კერძოდ, იმის შესაძლებლობას, რომ, რუსეთის წაქეზებით, იქ შესაძლოა სეპარატისტული მოძრაობა წარმოიქმნას, ბატონმა კუპჩინსკიმ დასძინა:

“იქ ყოველთვის ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის პროვოკაციებს. მე მიჭირს იმის თქმა, თუ რას მოიგებს ამით რუსეთი. ყირიმი ხომ უკრაინასთან ბევრი ფაქტორითაა დაკავშირებული. პრაქტიკული თვალსაზრისით რომ შევხედოთ, მაშინ, მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ სასმელი წყალი. ყირიმი სასმელ წყალს ღებულობს უკრაინიდან. ამდენად, თუ ვითარება ამას მოითხოვს, უკრაინას ყოველთვის შეუძლია ამ ფაქტორის გამოყენება.”


XS
SM
MD
LG