ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სექტემბრის თვეში ამერიკის ისტორიაში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტების მიმოხილვა


-1957 წელს ლითლ როკში დესეგრეგაციით გამოწვეული შეტაკება მოხდა-

1957 წლის 2 სექტემბერს, არკანზასის შტატის გუბერნატორმა ორვილ ფაუბუსმა უბრძანა შტატის პოლიციას არ დაუშვას სასამართლოს მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილების შესრულება, რომელიც ეხებოდა შტატის დედაქალაქის ლითლ როკის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში რასობრივი ინტეგრაციის განხორციელებას. გუბერნატორის ბრძანების თანახმად, შტატის პოლიციის 270-მა კბილებამდე შეიარაღებულმა წევრმა ალყა შემოარტყა სკოლის შენობას და არ დაუშვა შავკანიანი ახალგაზრდების სკოლაში შესვლა. იმავდროულად პოლიციამ დაიცვა შავკანიანი ბავშვები თეთრი ამერიკელების განრისხებული ბრბოსგან რომლისგანაც გაისმოდა რასისტული შეძახილები და გინება.

როცა ფედერალური სასამართლოს ახალმა გადაწყვეტილებამ აიძულა გუბერნატორი ფაუბუსი დაეშვა შავკანიანი ბავშვები სკოლაში, მან გაიყვანა არკანზასის შტატის პოლიციის ნაწილები. ამის შედეგად შავკანიანი ბავშვების დასაცავად დარჩა მხოლოდ განაწყენებული ადგილობრივი პოლიცია, რომელიც სათანადოდ ვერ უმკლავდებოდა განრისხებულ ბრბოს. მდოგმარეობის განმუხტვის მიზნით პრეზიდენტმა დუაით ეიზენჰაუერმა უბრძანა შეერთებული შტატების სამხედრო ძალების შენართებს დაეკავათ ლითლ როკი ძალადობის აღმოსაფხვრელად და იმისთვის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულებულიყო. ეიზენჰაუერმა მოუწოდა ხალხს კანონიერებისა და წესრიგისაკენ. კერძოდ პრეზიდენტმა განაცხადა:

“თუ წინააღმდეგობა ფედერალური სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართ შეწყდება, ფედერალური სამხედრო ძალების შემდგომი ყოფნა აღარ იქნება საჭირო და ლითლ როკი დაუბრუნდება საკუთარი ყოფის ჩვეულ მშვიდობასა და წესრიგს. და ის ლაქა, რომელიც ამ ქალაქის სახელსა და მსოფლიოში ჩვენი ერის მაღალ ღირსებას დაედო, გაუჩინარდება.”

-ციტატის დასასრული-

-1978 წელს კემპ დევიდში ჩატარდა სამშვიდობო პოლაპარაკება ახლო აღმოსავლეთის საკითხზე-

1978 წლის 6 სექტემბერს, შეერთებული შტატების, ეგვიპტისა და ისრაელის ლიდერებმა დაიწყეს შეხვედრების სერია რომლის შედეგადაც მათ მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხემბას, რომელიც, მათი აზრით, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას შეუწყობდა ხელს. პრეზიდენტი ჯიმი კარტერი შუამავლის როლს ასრულებდა ორი კვირის მანძილზე გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების დროს. მოლაპარაკებები გაიმართა შეერთებული შტატების პრეზიდენტის აგარაკზე სახელწოდებით კემპ დევიდი, რომელიც მერილენდის შტატში მდებარეობს.

როცა ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადათი და ისრაელის პრემიერ მინისტრი მენაჰემ ბეგინი დაბრუნდნენ ვაშინგტონში, მათ განაცხადეს, რომ მათ მიაღწიეს შეთანხმებას იმ პირობების თაობაზე, რომელიც ეგვიპტესა და ისრაელს მისცემდა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და მშვიდობიანი თანაარსებობის უფლებას. იმ მზიან დილას თეთრი სახლის წინ პრეზიდენტმა სადათმა და პრემიერ მინისტრმა ბეგინმა აღიარეს ეს შეთანხმება როგორც “ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის ჩარჩო ხელშეკრულება.” პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა წარმოადგენდა მშვიდობის გამარჯვებას. მან აღნიშნა:

“ორმა ლიდერმა, რომელთა სახელები გამოჩენილი იქნება ერთა ისტორიაში, პრეზიდენტმა ანვარ სადათმა და პრემიერ მინისტრმა მენაჰემ ბეგინმა, წარმართეს ეს კამპანია მთელი ვაჟკაცობით, უდრეკობით, ბრწყინვალებითა და შთაგონებით, რომელიც შეშურდებოდა ნებისმიერ გენერალს, რომელსაც ოდესღაც უხელმძღვანელია ბრძოლის ველზე ჯარებითა და მანქანებით.”

-ციტატის დასასრული-

ჯიმი კარტერმა შემდგომში აღიარა, რომ კემპ დევიდში მიღწეული შეთანხმება წარმოადგენდა მისი პრეზიდენტობის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს. 1978 წელს მშვიდობის მისაღწევად გაწეული მცდელობებისთვის პრეზიდენტმა სადათმა და პრემიერ მინისტრმა ბეგინმა ნობელის მშვიდობის ჯილდო მიიღეს.

-1565 წელს დაარსდა ნეტარი ავგუსტინეს დასახლება-

1565 წლის 8 სექტემბერს ესპანელმა მოგზაურმა ადმირალმა დონ პედრო მენენდეზ დე ავილესმა დაარსა პირველი ევროპული დასახლება ჩრდილოეთ ამერიკაში. ორი დღის შემდეგ ფლორიდაში მდებარე ეს დასახლება აკურთხეს და დაარქვეს ნეტარი ავგუსტინეს სახელი. ადმირალმა და მისმა ხელქვეითებმა დაიწყეს სოფლისა და ხის ფორტის აშენება.

შვიდი წლის შემდეგ, 1572 წელს, კოლონისტებმა დაამთავრეს კასტიო დე სან მარკოს ქვის ფორტის მშენებლობა. ამ ციხე-სიმაგრის კედლების სისქე ოთხ მეტრს უდრიდა. ნეტარი ავგუსტინეს ფორტი იცავდა და უსაფრთხო თავშესაფარს აძლევდა ოქროთი დატვირთულ ხომალდებს, რომლებიც ყოველ გაზაფხულს მიემგზავრებოდა კუბიდან ესპანეთში. ნეტარი ავგუსტინეს ფორტი აგრეთვე წარმოადგენდა საყრდენ პუნქტს რომლიდანაც მისიონერები და ვაჭრები იკვლევდნენ ჩრდილოეთ ამერიკის შეუსწავლელ ტერიტორიას. იმავდროულად ნეტარი ავგუნსტინეს დასახლება გახდა მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი.

XS
SM
MD
LG