ქუთაისის არქეოლოგიური ექსპედიციის წარმომადგენლებმა ბაგრატის ტაძარში მეშვიდე_მერვე საუკუნეებით დათარიღებულ სამარხს მიაკვლიეს. ჯერ-ჯერობით არ კონკრეტდება, ვის ეკუთვნის სამარხი, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ის ახალგაზრდა დიდგვაროვანი ქალია. სამარხთან ერთად აღმოჩენილია ძვირფასი ოქროს ნივთები. არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ვარაუდით, ბაგრატის ტაძრის კარიბჭეში აღმოჩენილი დიდგვაროვანი ქალის სამარხი ეგრის-აფხაზეთის დედოფალს უნდა ეკუთვნოდეს.
მეცნიერები ქალის ჩონჩხს ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაში გამოიკვლევენ, ოქროს ნივთები კი ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში განთავსდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, გამოკვლევების დასრულების შემდეგ სამეფო ოჯახის წევრის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ - მათ შორის, ისიც, თუ როგორი იყო დიდგვაროვანი ქალის ცხოვრების ბოლო დღე.
არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის ომარ ლანჩავას განმარტებით, ქრისტიანული ხანის მსგავსი მდიდრული სამარხი საქართველოში დღემდე არასდროს აღმოუჩენიათ. მისივე ინფორმაციით, სამარხი მე-8 საუკუნისაა და იმ ტაძრის საკუთრებაა, რომელიც მე-10-11 საუკუნეების ბაგრატის ტაძრის აშენებამდე არსებობდა.
დიდგვაროვანი ქალის სამარხი ბაგრატის ტაძრის დარბაზში, დასავლეთის კარიბჭესთან, 4 აგვისტოს აღმოაჩინეს. არქეოლეგებმა ტაძრის შიდა ტერიტორიაზე რამდენიმე სხვა სამარხიც გახსნეს, მაგრამ ოქროს ნივთები არც ერთ მათგანში არ დახვედრიათ.
ბაგრატის ტაძართან, სამარხში აღმოჩენილი ძვირფასეულობა ქუთაისის ეროვნულ მუზეუმში გადაიტანეს. ცხედრის ნაწილები კი თბილისში, ექსპერტიზისთვის ჩამოიტანეს.
ექსპერტთა პირველი დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. პირველადი დათვალიერებით დადგინდა, რომ სამარხი საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა ქალს ეკუთვნის, რომელსაც თხელი და ნატიფი ძვლები ჰქონდა.
როდის და როგორ გარემოში ცხოვრობდა, რომელ წელს და რომელ თვეს გარდაიცვალა ქალბატონი, ექსპერტიზა ამ ყველაფერს რამდენიმე დღეში დაადგენს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის ეროვნული სააგენტო უკვე ერთი წელია, რაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბაგრატის ტაძრის აღდგენასა და პირვანდელი სახის დაბრუნებაზე მუშაობს.
რამდენიმე დღის წინ დასავლეთის კედლის საძირკველში აღმოჩენილი სამარხი ბოლო წლებში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური აღმოჩენაა.