საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავი აღინიშნება. ერთიანობის ნიშნად ზუსტად ღამის 12.00 საათზე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ე.წ-ი ერთიანობის კოცონი დაინთო. კერძოდ, გორში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, ამბროლაურში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ახალციხეში, რუსთავში.ამერიკის ხმისადმი მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ომში საერთაშორისო საზოგადოებრიობამ აგრესორად რუსეთი სცნო და რომ მოსკოვს ეს აგრესია დიდი ხნით ადრე ჰქონდა დაგეგმილი. მანვე აღიარა ის, რომ საქართველომ ომამდე და ომის დროს განსაზღვრული შეცდომები დაუშვა. მისივე თქმით სამხრეთ ოსეთის სოფლებში რუსეთმა ეთნიკური წმენდა განახორციელა და მრავალჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა და ეს იყო რეაქცია საქართველოს მიერ წინასწარ დაგეგმილ კრიმინალურ თავდასხმაზე. სააკაშვილის განცხადებით ამ ომის შემდეგ მდგომარეობა საქართველოში ნორმალურს უბრუნდება ამერიკისა და ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის გაღებული მილიარდობით დოლარის წყალობით. მისივე თქმით საქართველო ძალის გამოყენებით ვერ დაიბრუნებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, მაგრამ საქართველო ყოველთვის ეცდება აღადგინოს მისი ტერიტორიული მთლიანობა, მიუხედავად იმისა თუ რა დროს წაიღებს ეს პროცესი.