ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის იმიჯი მსოფლიოში გაუმჯობესდა


პიუს კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, ამერიკის ხელისუფლების სათავეში ბარაკ ობამას მოსვლის შემდეგ, ამერიკის იმიჯი მსოფლიოში გაუმჯობესდა.

მსოფლიოს 24 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ახლა ამერიკას უფრო კარგად აღიქვამს, ვიდრე მანამდე. თუმცა ეს ცვლილება არ ეხება მუსლიმანურ სამყაროს, სადაც ჯერ კიდევ არის გამჯდარი უარყოფითი წარმოდგენები ამერიკის მიმართ.

ცენტრის დირექტორის ენდრიუ კოჰუტის განცხადებით:

“მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ამერიკის შესახებ წარმოდგენები ისეთივე პოზიტიურია, როგორც მიმდინარე ათწლეულის დასაწყისში, სანამ ჯორჯ ბუში გახდებოდა ამერიკის პრეზიდენტი.”

როგორც გამოკითხვით დამტკიცდა, ყველაზე მეტად ამერიკის იმიჯი ევროპაში გამოსწორდა. საფრანგეთში, მოსახლეობის 75 პროცენტი დადებითად აღიქვამს ამერიკას. ერთი წლის წინ, ფრანგების მხოლოდ 42 პროცენტს ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება შეერთებული შტატების მიმართ.

ამერიკისადმი დამოკიდებულება გამოსწორდა მექსიკაში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და ჩინეთში. იმ 24 ქვეყანაში სადაც გამოკითხვა ჩატარდა, მხოლოდ ისრაელში დაფიქსირდა იმედგაცრუება ამერიკის პოლიტიკით.

ისრაელი ასევე ერთადერთი ქვეყანაა, სადაც გამოკითხულმა ადამიანებმა უარყოფითად შეაფასეს ამერიკის უნარი სწორად მოიქცეს მსოფლიოში.

რაც შეეხება ამერიკის პრეზიდენტის რეიტინგს: დიდ ბრიტანეთში გამოკითხულთა 86 პროცენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბარაქ ობამა კარგად გაუძღვება დაკისრებულ მოვალეობებს. იგივე გამოკითხვით შარშან ამ დროს ინგლისელების მხოლოდ 16 პროცენტი იწონებდა პრეზიდენტ ბუშის პოლიტიკას. კანადასა და იაპონიაში, პრეზიდენტ ობამას მოსახლეობის 60-ი პროცენტით მეტი უჭერს მხარს ვიდრე ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს.

მუსლიმანურ სამყაროში კი სიტუაცია ასე გამოიყურება: ეგვიპტის მოსახლეობის 27 პროცენტი ამერიკას დადებითად აღიქვამს, რაც 5 პროცენტიანი მატებაა გასულ წელთან შედარებით.

პაკისტანში, მოსახლეობის 16 პროცენტი კარგად არის განწყობილი ამერიკის მიმართ. იქ დამოკიდებუოება ამეირკისადმი დააახლოებით იგივე ნიშნულზე იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში.

ინდონეზიაში, ამერიკის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება საგრძნობლად გაიზარდა, რაც როგორც ჩანს იმის შედეგია, რომ ბარაკ ობამამ იქ ბავშვობის წლები გაატარა. პიუს კვლევის ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, რომ მუსლიმანურ სამყაროში გაუმჯობესებაა ის ფაქტი, რომ დღესდღეობით უფრო დიდია მოსახლეობის ნდობა ამერიკის პრეზიდენტისადმი, ვიდრე ოსამა ბინ ლადენისადმი.

ამდენად, ამერიკის საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესება, პრეზიდენტისადმი დადებით დამოკიდებულებასთან ერტად , ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსის აზრით ამერიკას კარგ პერსპექტივას უქადის. ამასვე ამბობს აშშ ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი:

ძალიან მნიშვნლეოვანია ხალხის ასეთი დამოკიდებულება, რამეთუ ტერორიზმის ან ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა მარტო ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია. მნიშვნელოვანია, როცა ამერიკის პრეზიდენტი აღიქმება ადამიანად, რომელიც ყველას აზრს ითვალისწინებს.”

შეგახსენებთ, რომ პიუს გამოკითხვა მსოფლიოს 24 ქვეყანაში მაისსა და ივნისში ჩატარდა. ანალოგიურ გამოკითხვას ყოველწლიურად 2002 წლის შემდეგ აქვს ადგილი.

XS
SM
MD
LG