პრესის მიმოხილვა გვსურს დავიწყოთ ერთი ნაწყვეტით ვრცელი ღია წერილიდან, რომელიც ობამას ადმინისტრაციას გაუგზავნეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილმა ლიდერებმა, საგარეო საქმეთა მინისტრებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. წერილი გასულ პარასკევს გამოქვეყნდა პოლონურ გაზეთ “გაზეტა ვიბორშჩაში.” წერილს სხვებთან ერთად ხელს აწერენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორიცაა ვაცლავ ჰაველი და ლეხ ვალენსა. წერილში, სხვათაშორის ნათქვამია:
“ისევე, როგორც თქვენ, ჩვენც მოუთმენლად ველით რუსეთ-საქართველოს ომის გამომწვევი მიზეზების შემსწავლელი კომისიის გამოძიების შედეგებს. თუმცა ამ ომმა უკვე დაასვა დაღი რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებას. მრავალი ქვეყანა შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ატლანტიკურმა ალიანსმა სრული უმოქმედობა გამოავლინა იმ დროს, როცა რუსეთმა მის მეზობელ ქვეყნებზე გავლენის სფეროს შესანარჩუნებლად უხეშად დაარღვია ჰელსინკის დასკნითი აქტის ძირითადი პრინციპები, პარიზის ქარტია, და ტერიტორიული მთლიანობა ქვეყნისა, რომელიც ნატოს პროგრამის ‘პარტნიორობა მშვიდობისათვის,’ აგრეთვე ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს წევრია.”
ამ წერილის საპასუხოდ, 19 ივლისს, გაზეთ “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნდა სარედაქციო სტატია, რომელშიც ვკითხულბოთ:
“პრეზიდენტ ობამასთვის არაფერია ახალი ამ წერილში ვინაიდან მან ხაზი გაუსვა მოსკოვში და სხვაგანაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ სცნობს რუსეთის პრივილეგიური ინტერესების გავლენის სფეროს ყოფილ საბჭოთა კავშირსა თუ ყოფილ ვარშავის პაქტის ქვეყნებში…მიუხედავად ამისა თეთრი სახლის ადმინისტრაციამ საგულდაგულოდ უნდა შეისწავლოს წერილის შინაარსი, რამეთუ ის საყვედური როდია და უმალ მხარდაჭერის გამოხატულებაა. ის ერები, რომლებსაც სურთ შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, რაც თავისუფლებისა და მოკავშირეობის იდალებზე იქნება დაფუძნებული, არც ისე მრავალრიცხოვანია, რომ ვაშინგტონმა უგულვებელყოს მათი ამგვარი სწრაფვა.”
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი ლიდერების წერილს ეხმაურება ასევე ამერიკული პროგრესის ცენტრის მკვლევარის სამუელ ჩარაპის ანალიტიკური სტატია, რომელიც ხსენებული ორგანიზაციის ვებ გვერდზე 21 ივლისს გამოქვეყნდა. სტატიის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ:
“ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების შიში პოსტ-კომუნისტურ რეგიონში უსაფუძვლოა. ობამას ადმინისტრაცია არ აპირებს ამ ქვეყნების ‘მსხვერპლად შეწირვას’ მათ აღმოსავლეთით მდებარე მეზობელთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით - ამერიკის შეერთებული შტატები ‘დიდ გარიგებებში’ არ მონაწილეობს. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება არაა საზიანო ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან ძლიერი პარტნიორობისა თუ ალიანსებისთვის. ხოლო მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესება სინამდვილეში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ინტერესებშია.”
შეერთებული შტატებისა და ყოფილი ვარშავის პაქტის სახელმწიფოთა ურთიერთობის თემას ეხება გაზეთ “ნიუ იორკ ტაიმსში” 19 ივლისს გამოქვეყნებული ნიკოლას კულიშის სტატია. სტატიაში ვკითხულობთ:
“თავად ის ფაქტი, რომ გეოსტრატეგიული ინტერესები მოითხოვს რუსეთის ლოგისტიკურსა თუ დიპლომატიურ თანამონაწილეობას ირანის, ავღანეთისა და ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოგვარებაში, ეს ღრმა შეშფოთებას იწვევს იმ ქვეყნებში რომლებსაც ‘ახალ ევროპად’ მოიხსენიებენ. ხოლო რუსეთის მიერ გასულ აგვისტოს განხორციელებულმა შეიარაღებულმა ინტერვენციამ დამოუკიდებელ საქართველოში, აგრეთვე შეერთებული შტატების რეაქციამ ამაზე და რუსეთის მოქმედებამ კიდევ უფრო გააღრმავა ხსენებული ქვეყნების შიში…აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალ მიმომხილველსა და პოლიტიკოსს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მიაჩნია, რომ თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციას არა აქვს ბოლომდე გაცნობიერებული რუსეთის ჭეშმარიტი არსი და ის თბილი სიტყვები რომლებიც რუსეთის ლიდერებმა წარმოთქვეს მოსკოვში ბატონ ობამას მისამართით, ლიტონი სიტყვები იყო მხოლოდ, ხოლო ადამიანის უფლებათა დამცველი ცნობილი რუსი აქტივისტის მკვლელობამ გასულ კვირას, დაგვანახა თუ რა ვითარებაშია რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება.”