ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი გახდა


კალმის ერთი მოსმით, მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა ქვეყნის- კოსოვოს რესპუბლიკის ლიდერებმა თავიანთი ქვეყნის ეკონომიკა გლობალურ საფინანსო სისტემას დაუკავშირეს.ამ ნაბიჯს მომავალში დადებითი გავლენა ექნება არა მარტო კოსოვოს ეკონომიკურ და ფინანსურ განვითარებაზე, არამედ მთლიანად რეგიონზე.

სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ცერემონიაზე, კოსოვოს პრეზიდენტმა ფაჰთმირ სეიდეომ და პრემიერ მინისტრმა ჰაშემ ტაჩიმ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. ამგვარად, დამოუკიდებლობიდან 16 თვის თავზე კოსოვო გახდა ბრეტონ ვუდსის სისტემის 186-ე წევრი. ეს არის სისტემა ინსტიტუტებისა, წესებისა და პროცედურებისა, რომელიც არეგულირებს საერთაშორისო სავალუტო სისტემას.

დოკუმენტების მიღების შემდეგ, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, ჯეიმს სტეინბერგმა, მიულოცა ორივე ლიდერს და კოსოვოს ხალხს ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი და აღნიშნა, რომ ახლახანს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „ ორ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტთან, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. მსოფლიო ბანკთან და სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა ნიშნავს ფართო საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობას, რაც დაგვეხმარება იმ ეკონომიკური სიძნელეების დაძლევაში, რომელთა წინაშეც ჩვენ ყველანი ვდგავართ.

ისინი საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორები იქნებიან თქვენთვის და დახმარებას გაგიწევენ იმ გზაზე, რომელსაც თქვენ გაუდექით 12 წლის წინ და რომელიც მიზნად ისახავს უფრო ძლიერი კოსოვოს მშენებლობას თქვენი ხალხისათვის."


კოსოვოს გაწევრიანება ამ ინსტიტუტებში, ამბობს სახელმწიფო მდივნის მოადგილე „ ნიშნავს მის ინტეგრირებას საერთაშორისო საზოგადოებაში, რასაც ჩვენ ყველანი მივესალმებით და რითაც მოხარულები ვართ.“

დამოუკიდებლობიდან 16 თვის თავზე კოსოვომ შექმნა ძლიერი ეკონომიკური გარემო, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს განვითარებასა და ინვესტიციებს.

ქვეყანაში მიმდინარე წარმატებული პრივატიზაციის გამო, კოსოვოს ენერგეტიკული, ტელეკომუნიკაციიების, სამოქალაქო ავიაციის და ინფრასტუქტურის სფეროების მიმართ ინტერესი გამოთქვეს საერთაშორისო ინვესტორებმა. კოსოვოს სავაჭრო ურთიერთობები განუხრელად ფართოვდება და ქვეყნაში არსებულმა ბიზნეს გარემომ ხელი შეუწყო ბევრ ადგილობრივ ბიზნესებს გაფართოებულიყვნენ ადგილობრივი წარმოების თუ საერთაშორისო ვაჭრობის გზით.

აშშ ულოცავს კოსოვოს ბრეტონ ვუდსის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებას და იმედი აქვს მომავალში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან წარმატებული თანამშრომლობისა.

XS
SM
MD
LG