მსოფლიოს ლიდერებმა ბარაკ ობამას მიულოცეს, მას შემდეგ რაც გუშინ ბარაკ ობამა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი გახდა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილმა ლიდერმა ნელსონ მანდელამ წერილი მისწერა ახალ პრეზიდენტს, სადაც აღნიშნა, რომ მისი ინაუგურაცია გამსჭვალული იყო იგივე იმედის გრძნობით რომელიც მთელს მსოფლიოში სუფევდა იმ დღეებში, როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაემხო აპარტეიდის რეჟიმი.
კენიაში, სოფელ კოგელოში, სადაც პრეზიდენტ ობამას მამა დაიბადა, ბარაკ ობამას გაპრეზიდენტებას ხალხი ცეკვითა და სიმღერით შეხვდა. კენიის დედაქალაქ ნაირობიში უზარმაზარ ეკრანზე კენიელები ბარაკ ობამას ფიცის დადების ცერემონიას ადევნებდნენ თვალყურს.
ევროპაში საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ პირობა დასდეს, რომ ამერიკის ახალ პრეზიდენტთან ერთად გლობალურ პრობლემებზე იღვაწებენ, ფინანსური კრიზისის ჩათვლით. ევრო-კომისიის პრეზიდენტმა ხოსე ბაროსომ აღნიშნა, რომ მას სურს აშშ-სა და ევროკავშირს შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები.