ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიისა და საერთაშორისო საკითხებში პოლა დობრიანსკი აცხადებს, რომ აშშ აცნობიერებს გლობალურ დათბობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მას გადაწყვეტილი აქვს პირველობა იკისროს ამ საკითხში ახალი გლობალური მიდგომის შესამუშავებლად, რათა ეს პრობლემა დაიძლიოს. პოლა დობრიანსკიმ ამ თემაზე ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე ილაპარაკა. კონფერენცია ახალი ამბებისა და ჟურნალიზმის ინტერაქტიულმა მუზეუმმა -ნიუზეუმმა-გამართა. ამერიკელებთან ერთად, მასში მონაწილეობდნენ საფრანგეთის, პოლონეთისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები.
აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი მომენტია საერთაშორისო დონეზე კლიმატის ცვლილების საკითხში მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის. წელს, დეკემბერში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია გაიმართება პოლონეთის ქალაქ პოზნანში, რომელიც ერთ წლიან მუშაობას შეაჯამებს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიღებული სამოქმედო გეგმის გამოტანის შემდეგ. ქალბატონმა დობრიანსკიმ ასევე შენიშნა, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს რათა ეფექტური და უმტკივნეულო გადასვლა მოხდეს ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მმართველობაზე.
ამერიკა, ამასთან იმედოვნებს, რომ პოზნანის კონფერენცია პრიორიტეტებს დასახავს მონაწილე მხარეებს შორის. განსაკუთრებით, ეს ეხება სამუშაო გეგმის შემუშავებას, რომელიც ინტენსიურ მოლაპარაკებებამდე მიგვიყვანს მომავალი წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ რაც დასრულდება ბალიში მიღებული სამოქმედო გეგმის რეზულტატების განხილვა.
აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლა დობრიანსკიმ განაცხადა, რომ ბალის სამოქმედო გეგმის ყველა ელემენტი--პრობლემის შემსუბუქების, ადაპტაციის, ტექნოლოგიებისა და ფინანსების სფეროებში-ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამერიკა, მისი განცხადებით, არ ელის პოზნანში რაიმე სახის ადრეული გადაწყვეტილებების მიღებას. თუმცა არც მომავალი ადმინისტრაციისთვის აპირებს სხვადასხვა ალტერნატივების შეზღუდვას.