ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ირანის მთავრობას მოუწოდებს ლევინსონის საქმეში ითანამშრომლოს


აშშ მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას ამერიკის ოფიციალურ პირებთან ითანამშრომლონ ირანში ამერიკელი მოქალაქის გაუჩინარების საქმის გამოსაძიებლად. ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურის ყოფილი თანამშრომელი რობერტ ლევინსონი იქ 19 თვის წინ გაუჩინარდა. ირანში იგი 2007 წლის მარტში საქმეზე ჩავიდა. 9 მარტს კი სასტუმროს დატოვების შემდეგ უგზო უკვლოდ გაუჩინარდა.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა შონ მაკორმაკმა განაცხადა, რომ ამერიკა გააგრძელებს ლევინსონის ადგილმდებარეობის დადგენას და მისი საქმის გამოძიებას.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ირანს მოგვაწოდოს ის ინფორმაცია, რომელიც მას ლევინსონის საქმეში აქვს. ჩვენ ასევე ყველა სხვა მხარეს ვთხოვთ ინფორმაცია გაგვიზიარონ ჩვენი ვებ გვერდის საშუალებით.“

ვებ გვერდის მისამართია: www.helpboblevinson.com

2007 წლის დეკემბერში, ბატონი ლევინსონის მეუღლე და ვაჟიშვილი ირანში ჩავიდნენ რობერტის მოსაძებნად. ირანის მთავრობამ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობა დადო. მიუხედავად ამისა, მან არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდა ოჯახის წევრებს გამოძიებისთვის. შონ მაკორმაკი აცხადებს, რომ ამერიკას ჯერჯერობით მაინც აქვს იმედი, რომ ირანის მთავრობას შესწევს უნარი მის ხელთ არსებული უფრო მეტი ინფორმაცია გასცეს ლევინსონის საქმიდან.

ამერიკის კონგრესმა ასევე გამოხატა ინტერესი ამ საქმის მიმართ. სენატორმა ბილ ნელსონმა წარადგინა რეზოლუცია, რომელიც ამერიკის მთავრობასა და მის სხვა მოკავშირეებს მოუწოდებს ირანზე ზეწოლა მოახდინონ ამ საქმის შესწავლის მიმართულებით. რეზოლუციის წარდგენის მომენტში გაკეთებულ განცხადებაში სენატორმა ნელსონმა აღნიშნა, რომ ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი, ენ ბი სის ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში პირობას დებდა, რომ ირანის მთავრობა ამერიკის ფედერალურ ბიუროსთან ითანამშრომლებდა რობერტ ლევინსონის გაუჩინარების საქმის შესასწავლად.

სენატორმა ნელსონმა დაამატა, რომ ოფიციალურ თეირანს მოეთხოვება თავისი დანაპირები შეასრულოს და სამხილი გადასცეს ამერიკის მხარეს.

XS
SM
MD
LG