ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების მთავრობა ქვეყნის უდიდესი ბანკების აქციების მაკონტროლებელ ნაწილს ყიდულობს


კრიზისში მყოფი ეკონომიკის გადარჩენის მცდელობით, შეერთებული შტატების მთავრობა ქვეყნის უდიდესი ბანკების აქციების მაკონტროლებელ ნაწილს ყიდულობს. ამ გეგმის განხორციელებას ორას ორმოცდაათი მილიარდი დოლარი მოხმარდება. ამერიკის მთავრობა საბანკო სესხებისა და დეპოზიტების გარანტი იქნება. დღეს თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ზემოხსენებული გეგმა საბანკო სისტემის პრესტიჟს აღადგენს:


"ეს თანხები ბანკებს ბიზნესებისა და კერძო პირებისათვის სესხების გაცემის პროცესის გაგრძელებაში შეუწყობს ხელს. ეს კაპიტალი მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბანკებს კრიზისის დროს განცდილი დანაკარგის შევსებაშიც დაეხმარება. ბანკები სესხებს გასცემენ და ეკონომიკის ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესს შეუწყობენ ხელს". აღნიშნა ბატონმა ბუშმა.

შეერთებული შტატების ეროვნული ბანკის თავკაცმა ჰენრი პოლსონმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობამ საფინანსო ინტერვენციის გადაწყვეტილება ყოყმანის შემდეგ მიიღო, მაგრამ მომხმარებლისა და ბიზნესების თანხების გარეშე დატოვების ალტერნატივა კიდევ უფრო მიუღებელი იყო. ამერიკის გეგმას ევროპის ქვეყნებმაც მიბაძეს. რომლებმაც საერთო ჯამში საფინანსო სექტორის გადასარჩენად ორი ტრილიონი დოლარის ფარგლებში დახმარების გამოყოფა გადაწყვიტეს. შეგახსენებთ, რომ ამერიკამ ეკონომიკის გადასარჩენად შვიდასი მილიარდი დოლარი გამოყო.

XS
SM
MD
LG