ვიდრე მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინაშე გამოვიდოდა და გამოთქვამდა მზადყოფნას ყველა სახის კითხვაზე პასუხის გასაცემად, მასმედიაში (და ეს ეხება ძირითადად ბეჭდურ მედიას) ხშირად ისმოდა, რომ არის კითხვის ნიშნები და მათ უნდა გაეცეს პასუხები. ეს ქართული საზოგადოების თითქმის საყოველთაო რიტორიკათაც კი იქცა. მაგრამ დადგა დრო, როდესაც შესაძლებელი გახდა უკვე ამ კონკრეტული კითხვების დასმა და სამწუხაროდ ეს კითხვები ჯერ ისევ არ ისმის. რა კითხვებზე არის ამ შემთხვევაში საუბარი. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ "ფონდი დემოკრატიისათვის" წევრს, ფილოსოფოსს გიორგი მარგველაშვილს.
გიორგი მარგველაშვილი – კითხვები რომელზეც არის ლაპარაკი, არის რამდენიმე სახის. ერთი არის კითხვები მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ჭორებთან. მეორე ტიპის კითხვები არის, რომელიც შეუძლებელია და პრინციპში ალბათ არც უნდა დაისვას, რომელიც ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, შეირაღებას და სხვადსხვას უკავშირდება. მაგრამ ამის იქით არის ძალიან საინტერესო კითხვები, რომელიც აუცილებლად უნდა დაისვას. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ჩავაბარეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. მაგალითად: რატომ არ იქნა გაცემლული ბრძანება, თამარეშენის და სხვა ქართული სოფლების ევაკუაციის შესახებ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე? რატომ არ იქნა ცხინვალის მოსახლეობა ინფორმირებული, იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია განხორციელდეს სამხედრო ოპერაცია იმ ტერიტორიაზე? რატომ არ იქნა შემუშავებული უკან დახევის რაციონალური გეგმა? ეს ყველაფერი უკავშირდება ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობის გრძნობას, რაშიც ის ყველაზე სუსტია. ასევე ძალიან საინტერესო კითხვაა, რა მოხდა, რა პოლიტიკური აქცია განხორციელდა ამ დღეებში, ვგულისხმობ აგვისტოს მოვლენებს - ამ თვალსაზრისით არ არის გაცემული პასუხი. საქმე იმაშია, რომ არსებობს კიდევ სხვა რეჟიმის კითხვებიც, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მუდმივად სცემს პასუხს დასავლეთს – თუ ვინ დაიწყო ომი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.
- სხვაგვარად ან კი განსხვავებულად უყურებს ამ საკითხს თუ პრობლემას ფილოსოფოსი გიგა ზედანია.
გიგა ზედანია – მართალი გითხრათ მე სხვაგვარად ვუყურებ ამ საკითხს და მგონია რომ ამ ქვეყანაში არ არის კითხვის დასმის პრობლემა, არამედ არის ამ კითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა. ჩვენ არ გვყავს ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი გასცეს ამ კითხვებზე პასუხი. ეს გამოიხატება იმაში, რომ აბსოლუტურად უუნარო აღმოჩნდა ქართული მედია და ასევე ქართველი, ე.წ. ექსპერტები. არ იყო ინტელექტუალი რომელიც მოახდენდა ამ კონკრეტული მოვლენების ანალიზს. ასე, რომ რა კითხვაც არ უნდა დაისვას, ჯერჯერობით არ ჩანს პასუხის გამცემი.