ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთიaნობის ჯაჭვი


დღეს მთელი საქართველო ერთი სიმბოლოს ქვეშ ერთიანდება. თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ადამიანები გამოვიდნენ ქუჩაში და ცადეს ცოცხალი ჯაჭვი გაეკეთებინათ, როგორც ერთად ყოფნის, ერთიანობის სიგნალი. აქციის ადრესატი ერთდროულად რუსეთიც არის, რომელსაც ქართველი ხალხი პროტესტს უცხადებს და ევროპაც, რომელსაც ასე ერთიანად დახმარებას სთხოვს. ყველამ კარგად იცის, რომ ამ ტრადიციას 80-იანი წლების ბოლოს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ჩაუყარეს საფუძველი და მაშინ სამი ბალტიისპირული სახემწიფო ასევე გაერთიანდა საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ და გეზი ევროპისკენ აიღო. უკვე დიდი ხანია ლიტვა, ლატვიისა და ესტონეთის სახელმწიფოებმა სამუდამოდ დაახწიეს თავი მეზობელ იმპერიას და სრულყოფილი ინტეგრირება შეძლეს ევროპასთან. დღეს, 20 წლის შემდეგ საქართველო ისევ მსგავსი პრობლემის წინაშეა, ის ისევ ცდილობს რუსული იმპერიისგან თავდახწევას და ცივილიზებულ, მოდერნიზებულ სამყაროსთან ინტეგრირებას. ასე იყო 1989 წლის 9 აპრილს და ასეა დღეს. ერთიანობის ჯაჭვი საზოგადოებრივი პროტესტია და ის მშვიდობიანად გამოხატავს ქვეყნის მოქალაქეების პოზიციას. საინტერესოა, რამდენად მნიშვენლოვანია ასეთი ტიპის აქციები, რა შედეგის მომტანი შეიძლება რომ იყოს იგი? საიდან უნდა მოდიოდეს და ვინ უნდა იყოს ამგვარი აქციების ინიციატორი? ჩვენ კითხვებს პასუხობს პოეტი რატი ამაღლობელი.

რატი ამაღლობელი – ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა დღეს და ბუნებრივია ეს არის რუსული სამხედრო ძალის წინააღმდეგ პროტესტი. ეს თავდაცვაც არის და ერთობის სურვილიც. მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ პირველყოვლისა შედეგებზე იმ ფარგლებში, რასაც ქვია რაციონალური აზროვნების ფარგლები. ქართულმა სახელწიფომ უნდა გადადგას ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, და ეს ნაბიჯები უნდა იყოს რაციონალური და ნამდვილ შედეგზე გათვლილი. მივცემ ჩემს თავს უფლებას და ვიტყვი, რომ ამგვარი ნაბიჯები საზოგადოების მხრიდან გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა ომამდე. ჩვენ შეგვეძლო ჩვენი ერთიანობა გვეჩვენებინა, როგორც აფხაზებისათვის, ასეევ ეთნიკური ოსებისათვის და დაგვენახებინა, რომ ჩვენ მათთან მხოლოდ ამ სახით გვსურს ურთიერთობა. კარგი იქნება თუკი მომავალში ასეთი ტიპის მოქმედებები იქნება არა რეაქციული, არამედ პროაქტიული. სწორედ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სრულფასოვან საზოგადოებაზე.



XS
SM
MD
LG