გუშინ ბათუმის პორტში ამერიკის სანაპირო დაცვის ხომალდი “დალასი “ ჩავიდა, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა საქართველოში.
ამერიკელი სამხედროები ჰუმანიტარულ მისიას აგრძელებენ საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, რაც საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე ხდება.
ჩვენ ინტერვიუ ვთხოვეთ ევროპული სარდლობის ერთერთი ბრიგადის გენერალს ჯონ მილერს, რომელიც ამ წუთებში საქართველოში ამ გემის ბორტზე იმყოფება :
“მეორე გემმა, რომელიც ბათუმში ჩავიდა, ჰუმანიტარულ დახმარება შეიტანა ქვეყანაში.
აქ
არის ზეწრები, სურსათ-სანოვაგე და სხვა.
ყველაფერი რაც გემზეა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია და ჰუმანიტარულ პროდუქციას შეადგენს.
მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს თუ კიდევ რამდენი გემი შევა ბათუმის პორტში, სავარაუდოდ ეს მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.”
კითხვაზე იყო თუ არა მცდელობა ფოთის პორთში გემების შესვლისა, გენერალი გვპასუხობს:
“ჩვენ არ გვიცდია ფოთში შესვლა რამეთუ დახმარების მისაწოდებლად ბათუმის პორტს ვიყენებთ.
რაც შეეხება დახმარების განაწილებას, დახმარება ქვეყანაში ზღვით და საჰაერო გზით შედის.
აქ შედის საძილე კარვები და ზეწრები, ათასობით ტონა საკვები და ასე შემდეგ.
ამის შემდეგ დახმარება მიაქვს აშშ განვითარების სააგენტოს, რომელიც ანაწილებს მათ სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, მათ კი ყველაფერი ეს დევნილებამდე მიაქვთ.
რაც შეეხება საჰაერო გზით დახმარებას, დღეში რამდენიმე თვითმფრინავი ჩადის საქართველოში ჰუმანიტარული დახმარებით ბორტზე.”
როგორია ის სხვა დაკვირვებები და შეფასება რომელიც თქვენმა გუნდმა ჩაატარა, რა არის ამ პროცესის შედეგი?
“ჩვენი შეფასების მისია დღეს სხვანაირია ვიდრე დასაწყისში.
თავიდან ჩვენი მისია იყო პირველადი დახმარება გაგვეწია დევნილებისთვის, დავრწმუნებულიყავით იმაში, რომ თითოეულ მათგანი ნამდვილად არის უზრუნველყოფილი პირველადი მოხმარების ნივთებითა და საკვები პროდუქტებით.
ახლა კი როცა დევნილების გარკვეული რაოდენობა, კერძოდ კი ათასობით მათგანი გორის შემოგარენში შინ ბრუნდება ან ფიქრობს დაბრუნებას, ჩვენი მიზანია იქ, გორში დევნილებისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფა ზამთრამდე.
ამ ხალხისთვის ან დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფა გახდება საჭირო, ან არადა მუდმივ სახცხოვრებელზე ფიქრი იმათთვის, ვისი სახლკარიც გაანადგურეს რუსებმა ან იმ რაიონშია განლაგებული რომელსაც რუსები აკონტროლებენ.
დევნილების მხრიდან გულთბილი დამოკიდებულება იგრძნობა ამერიკელი ხალხისა და მთავრობის მიმართ.
ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ მეზღვაურებსა და ჯარისკაცებს მუდმივი შეხება აქვთ დევნილებთან.
ამას გარდა, სადამხმარებლო მისიის ამერიკელ თანამშრომლებს, გამონაკლისის გარეშე, კარგად ხვდებიან სადისტრიბუციო
ცენტრებშიც.”
შეგახსენებთ, რომ ვესაუბრებოდით ამერიკის სამხედრო ნაწილების ევროპული სარდლობის ბრიგადის გენერალს, საქართველოში მივლინებული ამერიკული სამხედრო გემის ბორტზე მყოფ ჯონ მილერს.