საქართველო-რუსეთის კონფლიქტის თაობაზე ამერიკის ხმას ესაუბრა ლონდონის ჩეტემ ჰაუსის რუსეთისა და ევრაზიის ცენტრის მკვლევარი მაიკლ დენისონი. მისი აზრით ცეცხლის შეწყვეტა მაინც იქნება მიღწეული მან კერძოდ თქვა:
”ჩემის აზრით ცეცხლის შეწყვეტას საქართველოში ადგილი ექნება რადგანაც რუსებმა მიაღწიეს იმას რაც სურდათ, ასე რომ თუ არ ჩავთვლით აქაიქ განსაზღვრულ მცირე მასშტაბის კონფლიქტურ სიტუაციებს ცეცხლის შეწყვეტა დაცული მაინც იქნება.”
დაზავებაზე დიპლომატიური ძალისხმევა ინტენსიურ ფორმებს იღებს და ამ აქტივობის ავანგარდში ევროკავშირი და ეუთო დგანან. მაილ დენისონს მიაჩნია რომ სამშვიდობო ძალების ამ მეთვალყურეთა ჯგუფების შემადგენლობა საკმაოდ რთული საკითხი იქნება მომავალში.
”ქართველებს ძალზე სურთ რომ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით საერთაშორისო სამშვიდობო ძალები შეიქმნას ეუთოსა და გაეროსა ან ევროკავშირის ეგიდის ქვეშ. რუსების თავის მხრივ დაჟინებით ითხოვენ რომ სამშვიდობოები მხოლოდ რუსები უნდა იყვნენ. ასე რომ ამ საკითხზე მომავალში დიდი დავა გველის.”
მიუხედავად იმისა რომ კონფლიქტის დიპლომატიურ მოგვარებაზეა გადატანილი ყურადღება საუბარი იმაზე თუ ვინ დაიწყო ყველაფერი ეს და რა მიზნით აქაიქ უკვე გაისმის. ფინეთის საგარაეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა ერთერთ საუბარში აღნიშნა რომ ურთიერთ ბრალდებები და გაცხარებული დავა-კამათი მოგვიანებით მაინც იჩენს თავს. მაიკლ დენისონს მიაჩნია რომ მიხეილ სააკაშვილმა სწორად ვერ შეაფასა ძალთა განლაგება და ჩათვალა რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უკმაყოფილება ადგილობრივი მმართველობით და თვითონ ამ მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა გაუადვილებდა მას სეპარატისთა დამარცხებას.
”ჩემის აზრით იგი რისკზე წავიდა და უნდა გითხრათ რომ ეს რისკი უსაფუძვლო არ იყო რადგანაც მისი აზრით ეს ამბავი რამოდენიმე საათში დასრულდება. რუსეთი რეაგირებას ვერ მოასწრებდა და მოხდებოდა სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაცია საქართველოში. მან ვერ გათვალა ის თუ რა აგრესიული რეაქცია გააკეთებინა რუსეთს.მოსკოვი ვერ დაუშვებდა იმას რომ სისუსტე გამოეჩინა.”
როგორც ბრიტანელი კანონმდებელი ბრიუს ჯორჯი გვეუბნება ბრიტანეთის მმართველი ლეიბორისტული პარტიიდან სისუსტის გამოჩენა აბსოლუტურად მიუღებელია რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და ახლა რუსეთის პრემიერ მინისტრისათვის ვლადიმირ პუტინისათვის. ბრიუს ჯორჯს მიაჩნია რომ რუსები უკვე დიდი ხანი სეპარატიზმს ახალისებენ სამხრეთ ოსეთში და სწორედ მათ მოუხდინეს პროვოცირება ამ კონფლიქტს:
”ჩემის აზრით მოტივები რომლებითაც რუსები ხელმძღვანელობენ აშკარაა: საქართველოს პროვოცირების მოხდენა შეტაკებაზე, შემდეგ საქართველოს დამარცხება, რეჟიმის შეცვლის მცდელობა და მთელი მსოფლიოსადმი იმის დანახვება რომ ზესახელმწიფო ისევ გამოჩნდა მსოფლიო ასპარეზზე.”
სპეციალისტები ეთანხმებიან იმ აზრს რომ ის რაც ხდება დღეს საქართველოში არის რუსეთის გზავნილი მსოფლიოსადმი რომ წლების განმავლობაში მსოფლიო დიდი პოლიტიკის ასპარეზიდან ჩამოშორებული რუსეთი ისევ ანგარიშგასაწევ ზესახელმწიფოდ გვევლინება. სავარაუდოა რომ შექმნილი მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში აზერბაიჯანისა და უკრაინის ჩათვლით.ამ კონფლიქტის გავლენა უკვე იგრძნობა რუსეთის ურთიერთობაში ევროპასა და აშშ-ში. პრეზიდენტმა ბუშმა ხაზგასმით აღნიშნა რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს თავის სიტყვა და შესწყვიტოს კრიზისი საქართველოში, წინააღმდეგ შემთხვევაში მას საერთაშორისო საზოგადოებრიობიდან გარიცხვა ემუქრება.