ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯაზ ფესტივალი ბათუმში


სულ ცოტა ხანში ბათუმში "კოკა-კოლა ბლექსი ჯაზის" ფესტივალი დაიწყება. წელს ფესტივალის სტუმრები იქნებიან: მარკუს მილერი, ტანია მარია და "ფრი ჰოულ ნეგრო".

ვინც წინდახედულება გამოიჩინა, მას კონცერტებზე დასასწრები ბილეთები უკვე ჯიბეში უდევს, სალაროს სარკმელში კი რამდენიმე დღეა აბრაა გამოკრული წარწერით Sold out. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საქართველოს სხვა ქალაქში დაგეგმილი ღონისძიების ბილეთები კონცერტებამდე ამდენი ხნით ადრე გაიყიდა (მსგავსი ანშლაგით მხოლოდ თბილისის ჯაზ ფესტივალს შეუძლია დაიტრაბახოს). "შარშან, როდესაც ბათუმის ჯაზ ფესტივალი პირველად ჩავატარეთ, ბილეთების შეძენა კონცერტებამდეც შეიძლებოდა. წელს კი ფესტივალის პრესტიჟმაც მოიმატა, მსმენელიც დარწმუნდა, რომ მასში მონაწილე ვარსკვლავები არაფრით ჩამოუვარდებიან თბილისის ფესტივალების მონაწილეებს და ბილეთები წინასწარვე შეიძინეს", - აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორის, კომპანია "ისტერნ პრომოუშენის" ხელმძღვანელმა კახა კანდელაკმა.

ბათუმის ჯაზ ფესტივალი 22 ივლისს გაიხსნება და პირველივე დღეს მსმენელის წინაშე ორი "გრემის" მფლობელი, ჯაზისა და R&B-ს ვირტუოზი ბას გიტარისტი მარკუს მილერი და მისი ბენდი წარსდგებიან. მილერის მუსიკა ჯაზის მოყვარულთათვის ნამდვილი ჩაროზი იქნება, მით უმეტეს, რომ მის ჩამოსვლას ქართველი მსმენელი უკვე დიდი ხანია ელოდება. 23 ივლისს ფესტივალს კუბური ჯგუფი "ფრი ჰოულ ნეგრო" განაგრძობს.

ჯგუფის ეგზოტიკური ჟღერადობა და სამხრეთული ქარიზმა კი სწორედ ისაა, რაც ზღვის სანაპიროზე შეკრებილ აუდიტორიას სჭირდება. ფესტივალს 24 ივლისს ბრაზილიელი დივა ტანია მარია დახურავს. ეს მომღერლის მესამე ვიზიტია საქართველოში, ხოლო თუ გავითვალისწინებთ მისი თაყვანისმცემლების რაოდენობას, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ტანია მარიას კონცერტი ფესტივალს მართლაც "დახურავს"!

"ისტერნ პრომოუშენისა" და საქართველოში ამერიკის საელჩოს გარდა ბათუმის ჯაზ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ბათუმის მერიასთან ერთად მთელი ამ ღონისძიების მთავარი ოფიციალური მასპინძელი იქნება.

ფესტივალის სტუმრებსა და მსმენელს ქობულეთის სასტუმროები "ჯორჯია პალას ჰოტელი" და "ჰოტელ ინტურისტ პალასი" უმასპინძლებენ, საფესტივალო კონცერტები კი "ბათუმი მიუზიქ ჰოლში" გაიმართება. როგორც კლუბის მენეჯერმა ქეთი აფციაურმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, კლუბში ყველაფერი მზადაა ასეთი მნიშვნელოვანი სტუმრების მისაღებად და კონცერტების მაღალ დონზე ჩასატარებლად. "სპეციალურად ჯაზ ფესტივალისთვის კლუბი გადავაკეთეთ, მისი მოცულობა გაიზარდა და ახლა 2 ათას მსმენელს იტევს. შევცვალეთ სცენა, განათებისა და ხმის აპარატურა, რაშიც "ისტერნ პრომოუშენი" დაგვეხმარა. ასევე გადავაკეთეთ კულისებიც, რათა ფესტივალის მონაწილე ვარსკვლავებს იქ თავი გაცილებით კომფორტულად ეგრძნოთ. "ბათუმი მიუზიქ ჰოლი" 18 ივლისიდან გაიხსნება და ჯაზ ფესტივალის გარდა კიდევ უამრავ საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლებს .

შარშანდელის მსგავსად წლევანდელი კონცერტების ბილეთების შეძენაც მიზერულ თანხებში შეიძლებოდა: მარკუს მილერი - 50 ლარი, ტანია მარია - 40 ლარი, "ფრი ჰოულ ნეგრო" - 20 ლარი. ეს კი მსმენელისთვის ნამდვილი ფუფუნებაა, ამ ფუფუნების "მიზეზი" კი ფესტივალის მძლავრი სპონსორების გუნდია. წელს გენერალური სპონსორი ტრადიციულად კომპანია "კოკა კოლაა", მუსიკოსებს წარმოადგენს თიბისი ბანკი, პარტნიორია კომპანია "მაგთი", ხოლო სპონსორები "თბილისის ფოლკსვაგენის ცენტრი" და სამშენებლო კომპანია "იბერია".

ასე, რომ ვინც დროულად იზრუნა მოსალოდნელ სიამოვნებაზე, მას 22 ივლისიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმში "ისთერნ ფრომოუშენის" ხელშეწყობით ძალიან დიდი მუსიკალური ექსტაზი ელის.

XS
SM
MD
LG