მომხმარებელთა ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ მყიდველთა ჩვევების შეცვლის დრო სწორედ ახლა დადგა. მისურის უნივერსიტეტის მკვლევარები ამბობენ, რომ იმის კარგად დაგეგმვა თუ რას იყიდის მომხმარებელი, მას საკმაო თანხის დაზოგვაში დაეხმარება:
“ჩვენ მაღაზიაში ერთ წუთში საშუალოდ ორ დოლარსა და ჩვიდმეტ ცენტს ვხარჯავთ. ამიტომაც მაღაზიაში ყოფნის დროის შემცირება დანახარჯსაც შეგვამცირებინებს”. ამბობს მისურის უნივერსიტეტის მკვლევარი სინთია ფოსერი.
გაზეთ “იუესეი თუდეიში” გამოქვეყნებული გალოპის გამოკითხვის თანახმად, სურსათის გაძვირებამ ამერიკელთა თითქმის ნახევარზე იმოქმედა უარყოფითად:
“ოთხი კაცისგან შემდგარი ოჯახი საკვების განსაზღვრულ ნაწილს ტყუილ-უბრალოდ ხარჯავს. ერთი წლის განმავლობაში ასეთი ოჯახი დაახლოებით ექვსასი დოლარის ღირებულების ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულს და ხორცს ყრის. ამ თანხით ათჯერაა შესაძლებელი ავტომობილის სამოც დოლარიანი ბენზინის ავზის გავსება”. ამბობს დიეტოლოგი ელეინ შუსტერი.
საკვების ნარჩენის შესამცირებლად, მნიშვნელოვანია, რომ მყიდველმა მაღაზიაში წასვლამდე ჭამოს. მყიდველმა აგრეთვე თავი უნდა აარიდოს ცნობილი კომპანიების ნაწარმის ყიდვას და თავად სუპერმარკეტების ბევრად უფრო იაფი ნაწარმი შეიძინოს. მყიდველმა აგრეთვე კონცენტრირებული წვენები უნდა იყიდოს და არა ნატურალური, რომლებიც დაახლოებით სამოცი პროცენტით უფრო ძვირი ღირს. აგრეთვე მათ ვისაც ფულის დაზოგვა სურს უმჯობესია შინ იკვებოს და არა გარეთ. ამბობენ ექსპერტები:
“სამწუხაროდ რესტორნებსი კვებას დიდი თანხა მიაქვს ოჯახის ბიუჯეტიდან. თანაც გარეთ კვების დროს თქვენ საჭმლის შემცველობასაც ვერ აკონტროლებთ. სახლში თქვენ იმას მაინც აკონტროლებთ თუ რა რაოდენობით ცხიმსა და მარილს იხმართ კერძში. ამ შემთხვევაში თქვენ აგრეთვე პორციის ზომასაც თავად არეგულირებთ”. ამბობს შუსტერი.
მომხმარებლები აგრეთვე სუპერმარკეტების ფასდაკლების კუპონების ხმარებაზეც უნდა დაფიქრდნენ. ერთი შეხედვით ამ კუპონების გამოყენებით საკმაო თანხის დაზოგვაა შესაძლებელი, მაგრამ სინამდვილესი ხშირად იმას ყიდულობთ რასაც სხვა შემთხვევაში არ შეიძენდით. სინტია ფოსერი მომხმარებლებს ურჩევს, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ ზედა და ქვედა თაროებზე განლაგებულ პროდუქტებს. ვინაიდან, როგორც წესი ეს პროდუქტები შუა თაროებზე დალაგებულებზე უფრო ნაკლები ღირს:
ექსპერტების აზრით, ამ რამდენიმე რჩევის გათვალისწინება მომხმარებელს ყოველწლიურად საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხის დაზოგვაში შეუწყობს ხელს.