ირანის ხელისუფლებამ უარი განაცხადა ერაყის უსაფრთხოების საკითხებზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების მეოთხე რაუნდში მონაწილეობაზე. თეირანის მტკიცებით ამ მოლაპარაკებას არავითარი აზრი არა აქვს მას შემდეგ რაც ამერიკელებმა ერაყის მთავრობასთან ერთად ბაღდადსა და ბასრაში შიიტურ მილიციაზე განახორციელეს თავდასხმა. გასულ წელს ერაყთან დაკავშირებით გამართული სამმხრივი მოლაპარაკება პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის შონ მაკკორმაკის განცხადებით ვაშინგტონი მზადაა გააგრძელოს მოლაპარაკებები ირანის ხელისუფლებასთან ერაყის უსაფრთხოების საკითხებზე:” ირანის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია რომ ერაყის და შეერთებული შტატების მიერ შიიტური მილიციის განიარაღების მცდელობის გამო თეირანი აღარ გააგრძელებს მოლაპარაკებაში მონაწილეობას. ჩვენ ისიც კარგად მოგვეხსენება რომ ირანის ხელისუფლება ამ უკანონო მილიციას დიდ დახმარებას უწევდა შეიარაღების და ინსტრუქტორების სახით.” ვაშინგტონი ადრეც არა ერთხელ ადანაშაულებდა თეირანს შიიტი ექსტრემისტებისთვის დახმარების აღმოჩენაში რომლებიც კოალიციური ძალების და ერაყის უშიშროების სამსხურის წინააღმდგ იბრძვიან. შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების უფროსის ადმირალ მაიკ მულენის განცხადებით ერაყის მთავრობის ოპერაცია კრიმინალური შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ ირანის დესტრუქციულ საქმიანობას აფერხებს. ერაყში მოქმედი საერთაშორისო კოალიციური ძალების წარმომადგენლის პოლკოვნიკ დევიდ ბეკონის განცხადებით თეირანბის მახლობლად მდებარე სპეციალურ ბანაკებში ლეზბოლას ინსტრუქტორები დივერსიულ საქმიანობას ასწავლიან ერაყელ ექსტრემისტებს. ეს ბანაკები კი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაქვემდებარებაშია. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის შონ მაკკორმაკის განცხადებით ერაყის მაღალი რანგის დელეგაცია ახალახანს ირანში იმყოფებოდა ერაყის საშინაო საქმეებში თეირანის ჩარევის გამო შეშფოთების გამოსახატად. თავის მხრივ თეთრი სახლის წარმომადგენელმა გორდონ ჯონდროუმ აღნიშნა რომ ირანსა და ერაყს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება ამერიკის ინტერესებში შედის, ამისათვის კი აუცილებელია თეირანმა შეწყვიტოს ექსტრემისტების მხარდაჭერა ერაყში რომლებიც უდნაშაულო ადამიანებს ხოცავენ.