საქართველოში მწვავდება შიდა პოლიტიკური მდგომარეობა და სამწუხაროდ იძაბება საგარეო პოლიტიკაც საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან, რუსეთთან. უკანასკნელი ხნის მანძილზე რუსეთი თითქმის ყოველდღიურად ერთ ნაბიჯს დგამს ქართულ აფხაზური კონფლიქტის კიდევ უფრო გასამწვავებლად და პრაქტიკულად ანექსიისაკენ მიემართება. შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ დღევანდელ დღეს კონფლიქტი ყველაზე ჩიხურ, ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშია და თუკი ასე არ არის, მაშინ რა გამოსავალს ხედავს ქართული მხარე. ჩვენ კითხვას პასუხობს ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი შოთა მალაშხია.
შოთა მალაშხია – შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საქართველოსთვის ყველაზე დიდი პრობლემა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კონფლიქტი დღეს ნამდვილად არის გადაწყვეტის ფაზაში, არის აქტუალიზირებული. ამას მოწმობს ის ბოლო უშიშროების საბჭოს კომუნიკეც, სადაც ჩვენმა მეგობრებმა ცალსახად დააფიქსირეს თავისი მიდგომა საკითხებისადმი. ეს ნამდვილად არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი წინ. რუსეთის რეაქციები ბოლო დროს ზედმეტად აგრესიული გახდა და ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველო დგამს სწორ და მოზომილ ნაბიჯებს. და ამ ნაბიჯებით საქართველოს მეგობრათა რიცხვი იზრდება. ბოლო განცხადებები, ნატოს, ევროკავშირის, ეუთოსი და ა.შ. გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ნამდვილად ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და არ ვხხოვრობთ მე-20 საუკუნეში, როდესაც ჰიტლერი იღებდა ვენას და ამბობდა, რომ ის აპირებს მისი მოქალაქეების დაცვას. მაშინ მსოფლიო საზოგადოებრიობამ წაუყრუა და თქვა, რომ ეს არის პატარა ქვეყნის პრობლემა და ჩვენ მასში არ ჩავერევით. დღეს რადიკალურად განსხვავებული სურათი გვაქვს. გაეროში უკვე დაიწყო საუბარი, რომ რუსეთი არის კონფლიქტის მონაწილე მხარე და არ არის ნეიტრალური. უნდა ითქვას, რომ უკანასკნელი 15 წლის მანძილზე ქართული მხარის მხრიდანაც კი რუსეთის ჯარის მოღვაწეობა აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო შეფასებული დადებითად. საბედნიეროდ დღეს ყველასათვის გასაგები გახდა, რომ ეს ასე არ არის. დღეს ყველა ღიად ლაპარაკობს, რომ ის მონაწილე მხარეა. ჩვენ დღეს გვაქვს იურიდიული ბერკეტები და ამას ჩვენ გამოვიყენებთ. ამ შანსს ჩვენ ხელიდან აღარ გავუშვებთ.
- იმედი ვიქონიოთ რომ ქართული მხარე, კონფლიქტის მოგვარებისთვის მხოლოდ იურიდიულ ბვერკეტებს და ამ მშვიდობიან შანსს მთლიანად გამოიყენებს.