ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის უფლებები საქართველოში


რამდენიმე ხნის წინ, საქართველოს პარლამენტმა უარი განაცხადა სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის 2007 წლის პირველი და მეორე ნაწილის ანგარიშის განხილვაზე. არგუმენტი მოხსენების სქელტანიანობა იყო და დროის უკმარისობა მის გასაცნობად. ასეა თუ ისე, სოზარ სუბარის 2007 წლის მოხსენებას მომავალი მოწვევის პარლამენტი განიხილავს, სავარაუდოდ. აქედან გამომდინარე, სამწუხარო ის გახლავთ, რომ ამ მოხსენების შესახებ საქართველოს მოსახლეობისთვისაც არ გახდა ცნობილი თუ რა ტიპის დარღვევებთან გვაქვს საქმე, რა სახის რეაგირებას ახდენს ხელისუფლება ამ დარღვევებზე. ცნობილია, რომ ადამიანები, რომელთა უფლებები მეტად თუ ნაკლებად ირღვევა, ამ ფაქტებზე საუბარს საჯაროდ ერიდებიან. ეს სხვადასხვა მიზეზით ხდება, ერთნი ფიქრობენ, რომ არავინ შეეცდება მათი უფლებების დაცვას, მეორე ნაწილს კი ეშინია, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად დაზარალდებიან. დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმარია სახალხო დამცველის მოადგილე სოფო ხორგუანი, რომელიც ჩვენს კითხვებს პასუხობს. როგორ იწერება სახალხო დამცველის ანგარიში, არის თუ არა იქ მითითებული კონკრეტული ფაქტები, და კონკრეტული სახელები და გვარები და რა ტენდენციებთან გვაქვს საქმე?

სოფო ხორგუანი ჩვენ თეორიულ ნაშრომს კი არ ვწერთ, ჩვენ ვსწავლობთ ნებისმიერი მომჩივანის საქმეს, ვიკვლევთ და ვაფასებთ ყველა კონკრეტულ განმცხადებელს და მის ისტორიას. სწორედ ამ კონკრეტული საქმის შესწავლით და შეფასებით იწერება ანგარიში. ყველაზე მძიმე იყო ჯანდაცვის უზრუნველყოფა პეიტენციალურ დაწესებულებებში, როდესაც ჩვენ ვაწყდებოდით, რომ ადამიანის სიკვდილის მიზეზი იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მას არ მიაქციეს სათანადო ყურადღება. ბოლო მოხსენებაში ხაზგასმულია ის, რომ ქვეყნისათვის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არა გვაქვს თავისუფალი სასამართლო. სასამართლოს არსებობის შემთხვევაში, რასაკვირველია, ჩვენთან განმცხადებელთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება, რადგან მოქალაქეებს ექნებათ სწორედ სასამართლოს იმედი, იმედი რომ თავისუფალი მოსამართლე დაიცავს მათ უფლებებს. მოხსენებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ეს უმთავრესი პრობლემაა. ჩვენთან შემოდის განცხადებები, მაგალითად გუშინ შემოვიდა 56 განცხადება, ეს ციფრი უკანასკნელ წელიწადს საგრძნობლად გაზრდილია.

- როგორც სახალხო დამცველის მოადგილემ სოფო ხორგუანმა აღნიშნა უკანასკნელ წელს განმცხადებელთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა, ამასთან ერთად სამწუხაროდ, პარლამენტში არ განხილული 2007 წლის ანგარიში კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ უფლებადარღვეულ ადამიანებს სახელმწიფო კიდევ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევს. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტი, სახალხო დამცველის 2007 და აგრეთვე უკვე 2008 წლის ანგარიშს გაცილებით დიდ ყურადღებას დაუთმობს.

XS
SM
MD
LG