შეერთებული შტატების ხელისუფლება მიიჩნევს რომ ირანი ისევ უარყოფით როლს თამაშობს ერაყში. სახელმწიფო დეპარტამენტის რწმუნებულის დევიდ სატერფილდის განცხადებით თეირანი ერაყის ყველაზე უფრო რადიკალურ ძალებს ამარგებს იარაღით, რომლებიც კვლავაც აგრძელებენ თავიანთ დივერსიულ საქმიანობას.
ერაყში კოალიციური ძალების წარმომადგენელის ადმირალ გრეგორი სმითის განცხადებით ექსტრემისტული შიიტური მილიციის სპეცდანიშნულების ძალები აგრძელებენ მოკავშირეთა ძალებზე თავდასხმებს. ირანის მოკავშირე ამ ექსტრემისტებს იარაღის საიდუმლო საწყობები გააჩნიათ. ადმირალ სმითის თქმით:” ერაყელები ირანში გადადიან, საიდანაც სპეციალური სამხედრო წვრთნის შემდეგ სამშობლოში ბრუნდებიან და თავიანთ თანამოაზრეებს გადასცემენ ირანში მიღებულ გამოცდილებას.
ამ ჯგუფებმა კიდევ უფრო გააქტიურეს თავიანთი საქმიანობა უკანსკნელი თვეების განმავლობაში. შიიტთა სპეცდანიშნულების ნაწილები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან და მათ უკან ირანი დგას.” ირანმა ახლახან დროებით უარი თქვა სამხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაზე ერაყის უშიშროების საკითხებთან დაკავშირებით. ამ მოლაპარაკებებში ერაყის და შეერთებული შტატების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
ადმირალ სმითის განცხადებით:” ჩვენ დაუფარავად ვსაუბრობთ ირანის უარყოფით გავლენაზე ერაყში. და თუ ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართა არც მათ დაუმალავთ ჩვენს შეხედულებებს.”
ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ერაყში ჩავიდა. ეს ირანის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ერაყში 1979 წლის რევოლუციის შემდეგ.
ერაყში შეერთებული შტატების ელჩის რაიან კროკერის განცხადებით ვაშინგტონი იმედოვნებს რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს ირანის ხელისუფლებას საკუთარი უშიშროების მიზნებიდან გამომდინარე უფრო მეტი პატივით მოეკიდოს ერაყის პრობლემებს, რადგან სტაბილური დემოკრატიული ერაყის არსებობა ირანის გრძელვადიან ინერესებშიც შედის.
შეერთებული შტატები იმედოვნებს რომ როგორც ერაყის მეზობელი ირანი ხელს შეუწყობს ამ ქვეყანაში სტაბილობის დამყარებას, იმის ნაცვლად რომ ქვეყნის დესტრუქციულ ძალებს გაუწიოს დახმარება.