ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი აგრძელებს ბირთვული პროგრამის განხორციელებას


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი აცხადებს, რომ ირანი უკან არ დაიხევს ბირთვული პროგრამის საკითხში, რომელსაც ბევრის თქმით თეირანი ბოლო ოცი წელია მალულად ატარებს. აშშ და სხვა ქვეყნები საჯაროდ აცხადებენ, რომ ირანს უფლება აქვს ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისთვის განავითაროს, თუმცა ეს ქვეყნები შეშფოთებულები არიან თეირანის საბოლოო ამოცანით--ქვეყანამ განავითაროს ბირთვული იარაღის შექმნის უნარი. პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა ასევე განაცხადა, რომ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში ირანს განზრახული აქვს რაკეტები გასტყორცნოს კოსმოსში. ამა თვის დასაწყისში ირანის მიერ ხელოვნური თანამგზავრის გაშვებამ საერთაშორისო მასშტაბით შეშფოთება გამოიწვია, რადგანაც ის ტექნოლოგია, რომელიც ამ შემთხვევაში იყო გამოყენებული , ასევე გამოყენებულია შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტების გასატყორცნად. ფოქსის ტელევიზიასთან გაკეთებულ განცხადებაში აშშ პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა, რომ უცხოეთის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრების დროს მან განსაკუთრბეით გაუსვა ხაზი რომ ირანი მართლაც წარმოადგენს საფრთხეს. ირანის ბირთვული საკითხი ამჟამად გაეროს უშიშროების საბჭოს განხილვის საგანია. თეირანი, როგორც ცნობილია, არ წყვეტს ურანის გამდიდრების სამუშაოებს. უშიშროების საბჭომ ორი რეზოლუცია გამოსცა ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით, რაც სწორედ ბირთვული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხდება. აშშ სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოწოდება ირანის მიმართ ურანის გამდიდრების შეწყვეტის შესახებ, არა ამერიკის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნაა. მისი განცხადებით, თუ თეირანი ამ ნაბიჯს გადადგამს, მაშინ მოლაპარაკებების გამართვა მხარეებს შორის შესაძლებელია და ასევე შესაძლებელია უფრო ნორმალური ურთიერთობების განვითარება, ვაჭრობის გაღრმავება და განსხვავებული პოზიციების მშვიდობიანი მართვა.
XS
SM
MD
LG